სიონი 0:2 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

09 აპრილი 2017
დღეს, ბოლნისის თამაზ სტეფნანიას სახელიბის სტადიონზე, ეროვნული ლიგა ორის VI ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ სიონს დაუპირისპირდა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ბოლნისელები ძირითადად მარჯვენა ფრთიდან ცდილობდნენ ხიფათის შექმნას. მეორე წუთზე სიონის ფეხბურთელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი ვიტ ჯორჯიელებმა მოიგერიეს, გადმოვარდნილ ბურთთან პირველი ალექსანდრე კოშკაძე აღმოჩნდა, რომელმაც ერთი შეხებით სცადა კარისკენ დარტყმა, თუმცა გზად მიმავალ ბურთს ვეტერინართა მცველები აღუდგნენ წინ და კუთხურზე მოიგერიეს. ამჯერად მათ მოწოდებულ სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია. თენგიზ კობიაშვილის შეგირდებმა საწყის წუთებში ბოლნისელთა იერიშები კარგად მოიგერიეს და მეტოქეს მწვავედ შეუტიეს. დაპირისპირების 8-ე წუთზე ვეტერინართა იერიში მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, დასარტყმელ პოზიციაზე შოთა დავლაშელიძე გავიდა, რომელმაც კარისკენ ძლიერად დაარტყა, სიონის კიპერმა, თორნიკე ზარქუამ ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კვლავ დავლაშელიძემ სცადა აკრის აღება, თუმცა საბოლოოდ ბურთი კუთხურზე გადავიდა. სტაბდარტიდან საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი შოთა დავლაშელიძემ კარისკენ გაგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0. ვიტ ჯორჯიელებს გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა შეხვედრის 17-ე წუთზე წუთზე მიეცათ, გიგა გურეშიძის ბრწყინვალე გადაცემის შედეგად, ზურაბ ღირდალაძე მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ვეტერინართა ფორვარდმა კარიდან გამოსულ მეკარეს თავზე ბურთის გადაგდება დაუპირა, თუმცა თორნიკე ზარქუა სიტუაციაში კარგად გაერკვია და საბოლოოდ კარისკენ წასული ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. დაპირისპირების 18-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარის აღება მეორედ მოახერხეს, გატანილი გოლით ამჯერადაც შოთა დავლაშელიძე გამოირჩა, რომლის დარტყმული ბურთიც ბადეში შეგორებამდე კარის ძელს მოხვდა - 2:0. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ბოლნისელ ფეხბურთელებს ანგარიშში სხვაობის შემცირება შეეძლოთ, საშუალო დისტანციიდან ჯაბა დვალის დარტყმული ბურთი, ჩვენი გუნდის კარს, საკმაო მანძილით ასცდა.

მეორე ნახევრის საწყისი წუთებიდანვე ვიტ ჯორჯიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს, შედეგად ტაიმის განმავლობაში ჩვენი კარის სიახლოეს ხიფათი აღარ შექმნილა. შეხვედრის 51-ე წუთზე შოთა დავლაშელიძეს ჰეთთრიქის შესრულება შეეძლო. დათო საჯაიას დარტყმული ბურთი სიონის მეკარემ მოიგერია, გადმოვარდნილი ბურთი შოთა დავლაშელიძემ მიიღო, კარისკენაც დაარტყა, თუმცა ამჯერად ვეღარ გაიტანა. დაპირისპირების 75-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო ბოლნისელთა კარის აღება, თუმცა მასპინძელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სამ წუთში სიონის კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან გურამ გურეშიძემ კარისკენ გაისროლა და თორნიკე ზარქუამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები აღარ შექმნილა.
 
სიონი 0:2 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 დავლაშელიძე (8’) 0:2 დავლაშელიძე (18’)

სიონი: ზარქუა, კირკიტაძე (სვანიძე 37’), გიორბელიძე, თევზაძე, გიორგი გურეშიძე, სიხარულია, კოშკაძე, ლილუაშვილი (ყურაშვილი 60’), დვალი, მანაგაძე (აღდგომელაშვილი 80’), ჯაფიაშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური (კახაბრიშვილი 87’), ღირდალაძე (გვასალია 85’), გიგა გურეშიძე (ჭანკოტაძე 76’), ექვთიმიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე

გაფრთხილება: გიორბელიძე - კახაბრიშვილი
უკან დაბრუნება