ვიტ ჯორჯია 4:2 მეშახტე [ფოტო+ვიდეო]

13 აპრილი 2017
ეროვნული ლიგა ორის VII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით - 4:2 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ვიტ ჯორჯიელთა პირველივე მცდელობა გოლით დასრულდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს შოთა დავლაშელიძე ერთი შეხებით ტყიბულელთა კარის მიმართულებით გზავნიდა, მეშახტეს მეკარე, ანდრე ნონოსი ნახტომში ბურთს შესწვდა და მოიგერია კიდეც, თუმცა დამატებაზე ზურაბ ღირდალაძემ კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდიც დააწინაურა - 1:0. შეხვედრის მეთორმეტე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. მცველების ზურგს უკან დაკიდებულ ბურთთან პირველი პაატა ღუდუშაური აღმოჩნდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და გაიტანა - 2:0. დაპირისპირების 28-ე წუთზე თენგიზ კობიაშვილის შეგირდებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს. პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მეშახტეს გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაუტანა - 3:0. შეხვედრის 35-ე წუთზე შალვა ექვთიმიშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაური სტუმართა კიპერის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ზუსტი დარტყმის შსრულება ვერ მოახერხა და ანდრე ნონოსმა პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით ახლო მანძილიდან საბა ლომიამ დაარტყა და ააცილა.

მეორე ნახევარი პირველის მსგავსად კვლავ ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 57-ე წუთზე მეშახტის კარის მიმართულებით მატჩის მთავარმა არბიტრმა, პაპუნა მაჭარაძემ, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. პენალტის შესასრულებლად შოთა დავლაშელიძე გაემართა, რომლის დარტყმულიც სტუმართა კიპერმა მოიგერია. დაპირისპირების 70-ე წუთზე ტყიბულელთა კარის მიმართულებით გიგა გურეშიძემ შორი დისტანციიდან დაარტყა და მცირედით ააცილა. სტუმრებმა 84-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენის გაქვითვა მოახერხეს. ვიტ ჯორჯიელთა ცენტრალური მცველი, ბადრი ტეტუნაშვილი საკუთარ მეკარეს ბურთს თავით უბრუნებდა, საბა ლომიამ კი კარიდან გამოსულ ჯონი შეროზიას დაასწრო და გოლი გაიტანა - 3:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გულშემატკივრებმა კიდევ ორი გატანილი გოლი იხილეს, 91-ე წუთზე მეშახტის კარი გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 4:1. დაპირისპირების 93-ე წუთზე კი პენალტიდან გოლი ტყიბულელთა ლეგიონერმა, ნვანკო მარტინსმა გაიტანა - 4:2.
 
ვიტ ჯორჯია 4:2 მეშახტე
გოლები: 1:0 ღირდალაძე (2’) 2:0 ღუდუშაური (12’) 3:0 ღირდალაძე (28’) 3:1 ლომია (84’) 4:1 ვაზაგაშვილი (90+1’) მარტინსი (პენ. 90+3’)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: დავლაშელიძე
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური (ვაზაგაშვილი 72’), ღირდალაძე (კახაბრიშვილი 76’), გიგა გურეშიძე, ექვთიმიშილი, საჯაია, დავლაშელიძე (ჭანკოტაძე 65’)
 
მეშახტე: ნონოსი, მჭედლიშვილი (ჩუბინიძე 21’), ჭოხონელიძე, აფხაზავა, ჭკუასელი (მარტინსი 70’), ბაჯელიძე, კიკაბიძე, კალაჯიშვილი (ხუჭუა 60’), გედენიძე, ლომია, ვეკუა
 
უკან დაბრუნება