35-ე სკოლა 0:1 ვიტ ჯორჯია II

14 აპრილი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის IV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა სტუმრად, 35-ე სკოლის წინააღმდეგ გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მეტოქე მძიმე და დაძაბულ ორთაბრძოლაში მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.
 
საწყის წუთებში გუნდებმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა. პირველი სახიფათო  დარტყმა კი ვიტ ჯორჯიელებმა, დაპირისპირების 12-ე წუთზე შეასრულეს. საჯარიმოს მისადგომებიდან 35-ე სკოლის გუნდის კარის მიმართულებით გიორგი გვასალიამ გაისროლა, თუმცა მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და 35-ე სკოლის მეკარემ, ირაკლი მოსულიშვილმა, ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მასპინძლებმა შეხვედრის 20-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან კუთხური საჯარიმოში ჩამოაწოდეს, მცველებმა ბურთის მოგერიება კი მოახერხეს, მაგრამ გადმოვარდნილ ბურთთან პირველი ნიკა კუჭუაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც შორიდან დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 30-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში, კარგი ჩაწოდების მოლოდინში, კარგად  გაიხსნენ გიორგი გვასალია და ირაკლი ზარიძე, ამ უკანასკნელმა ჩაკიდებულ ბურთს თავი წაარტყა, თუმცა ზუსტად კარისკენ მისი გაგზავნა ვერ მოახერხა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 35-ე სკოლის საჯარიმოს სიახლოეს დანიშნული სტანდარტიდან გიორგი თიგიშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ორთაბრძოლისას გამარჯვებული ირაკლი კამლაძე გამოვიდა, რომლის თავური დარტყმაც მცირედით ასცდა მეტოქის კარს. შეხვედრის 45-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან ჯერ ხარიხამ, შემდეგ კი რევაზ ჩიტიშვილმა იხსნა, რომელმაც ფაქტობრივად კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
 
მეორე ნახევრის დებიუტში, 50-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი რევაზ ჩიტიშვილმა თავური დარტყმით მასპინძელთა კარის ბადეში გაახვია - 1:0. შეხვედრის 60-ე წუთზე მასპინძელთა კარს ზურაბ მუსელიანი დაემუქრა, მისი დარტყმული მეკარემ აიღო. დაპირისპირების 66-ე წუთზე ირაკლი კამლაძეს შეეძლო ანგარიშში სხვაობის გაზრდა, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 73-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით გუგა მიქაძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. ჩვენი კარის მიმართულებით შეხვედრის 81-ე წუთზე გუგა სამხარაძემ დაარტყა და ბურთი რიკოშეტის შედეგად კუთხურზე გადავიდა, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. დაპირისპირების დასრულებამდე ორი წუთით ადრე ირაკლი ზარიძემ საშუალო დისტანციიდან დაარტყა და ბურთი მეკარემ იოლად დაიმორჩილა.
 
35-ე სკოლა 0:1 ვიტ ჯორჯია II
გოლი: 0:1 ჩიტიშვილი (50’)
 
35-ე სკოლა: მოსულიშვილი, ხეცურიანი, ნანავა, კუჭუაშვილი (შილაკაძე 46’), გოგიძე, შარია (ლომიძე 46’), მიქაძე, მესხი (მენაბდიშვილი 75’), სამხარაძე, კოხრეიძე, ინწკირველი
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, შეროზია, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, დანელია, კამლაძე, კვაშილავა (სამსონია 53’), თიგიშვილი, გურასაშვილი (მუსელიანი 46’), ზარიძე, გვასალია (ამაშუკელი 89’)
უკან დაბრუნება