რეგიონული ლიგა. ვიტ ჯორჯიელები კვლავ იგებენ

18 აპრილი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის V ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა, მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე აჩაბეთის საფეხბურთო კლუბ ლიახვს უმასპინძლეს და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მეორე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი მიხეილ კენჭაძემ წაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. მეხუთე წუთზე ჩვენს ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა ჰქონდათ. სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი თიგიშვილმა ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე ბექა გურასაშვილმა ითამაშა და თავით დაარტყა, ბურთი მეკარემ უხერხულად მოიგერია და კლავ გურასაშვილს დაუბრუნდა, რომელმაც აჩებეთელთა კარის აღება კიდევ ერთხელ სცადა, ამჯერად ფეხით დაარტყა, თუმცა მცველებმა და მეკარე იერიში ერთობლივი ძალებით მოიგერიეს. დაპირისპირების 14-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში სტანდარტიდან კვლავ გიორგი თიგიშვილმა ჩაკიდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ზურაბ სეხნიაშვილმა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან შეეხო. შეხვედრის 31-ე წუთზე ვეტერინარებმა საწადელს მიაღწიეს და ლიახვის კარში გოლი გაიტანეს. საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა - ლიახვის მეკარემ, ალექსანდრე ჭულუხაძემ ბურთის დაჭერა სცადა, მაგრამ საბოლოდ ვერ შეიმაგრა ფეხებს შორის გაუძვრა და ბადეში გაეხვა - 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, ლიახვის კარის მიმართულებით შორი დისტანციიდან დავით კვაშილავამ გაისროლა და ააცილა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 53-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულ ზურაბ მუსელიანს საკუთარი გუნდის უპირატესობის გამყარება შეეძლო. მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა გოგა დანელიამ ბურთი საჯარიმოში გაგზავნა, სადაც ვიტ ჯორჯიელთა თავდამსხმელმა თავით ითამაშა, კარისკენ წასული ბურთი მეკარემ დაიმორჩილა. ოთხ წუთში გოგა დანელიას ჩაწოდების შემდეგ, ირაკლი კამლაძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური დარტყმა სამიზნეს მცირედით ასცდა. შეხვედრის 59-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეორედ აიღეს ლიახვის კარი. მარჯვენა ფლანგიდან გიორგი შეროზიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც შერბენაზე კარგად ითამაშა გიორგი ვაზგააშვილმა, დაარტყა და გაიტანა - 2:0. დაპირისპირების 67-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით გიორგი მეგრელმა დაარტყა, მაგრამ ამ დარტყმულს ხიფათი არ მოჰყოლია. მატჩის 70-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა გიორგი გვასალიას, რომელმაც ცრუმოძრაობით ორი მეურვე ჩამოიტოვა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი მეკარის დასახმარებლად ჩასულ აჩაბეთელთა მცველს გაარტყა და ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ირაკლი კამლაძის მიერ დარტყმული ბურთი ლიახვის მაკარემ კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს კვლავ კამლაძე გზავნიდა კარში, ამჯერად სტუმართა კიპერმა ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ვიტ ჯორჯიელებს რეგიონული ლიგის გ ჯგუფში ხუთი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და პირველ ადგილზე მყოფ გუნდს სამი ქულით ჩამორჩებიან.
ვიტ ჯორჯია II მომდევნო კალენდარულ მატჩს 25 აპრილს სტუმრად, ვოიაჟის წინააღმდეგ გამართავს.

ვიტ ჯორჯია II 2:0 ლიახვი აჩაბეთი
გოლები:
1:0 ვაზაგაშვილი (31') 2:0 ვაზაგაშვილი (59')

ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, შეროზია, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, დანელია, კამლაძე, ვაზაგაშვილი (სამსონია 71'), თიგიშვილი, კვაშილავა (ზარიძე 81'), გურასაშვილი (მუსელიანი 36'), გვასალია

ლიახვი აჩაბეთი: ჭულუხაძე, მიქელაძე, პიტიურიშვილი, ქორიძე, მეგრელი, საბიაშვილი, მჭედლიშვილი (ხოსიტაშვილი 75'), კენჭაძე (თევდორაშვილი 46'), ჯუმუტია (ქოჩიშვილი 58'), ჭიჭინაძე, გუჯაბიძე
უკან დაბრუნება