ვიტ ჯორჯია II შინ დამარცხდა

18 მაისი 2017
რეგიონული ლიგის IX ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ ვარკეთილს უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.

მატჩის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. მეორე წუთზე გიორგი თიგიშვილმა კუთხურიდან ვარკეთილის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ირაკლი კამლაძემ მეორე სართულზე კარგად ითამაშა, კარის მიმართულებით დაარტყა კიდეც, თუმცა მისი თავური სამიზნეს ასცდა. შეხვედრის მეცამეტე წუთზე გოჩა კვარაცხელიამ შორი დისტანციიდან დაარტყა, ბურთი ვარკეთილის კარის ბადეს გარედან მოხვდა. მეთხუთმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შმაგი გოგსაძემ შორიდან დაარტყა, ვეტერინართა კიპერი, მამია ტაბეშაძე, ბურთს ადგილზე დახვდა. დაპირისპირების 23-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ დავით ჩიგოევმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 27-ე წუთზე გიორგი გვასალიამ თაური დარტყმით სცადა ვარკეთილის კარში ბურთის გადაგზავნა, თუმცა დარტყმას სიძლიერე დააკლდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა ეპიზოდის განმუხტვა შეძლეს. ვიტ ჯორჯიელთა მეკარეს 34-ე წუთზე კვლავ აქტიურად მოუწია თამაშში ჩართვა, მამია ტაბეშაძეს ამჯერად ლაშა ქებაძის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. დაპირისპირების 38-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მცველი, ალეკო ჩაკვეტაძე სიტუაციაში კარგად გაერკვა, გიორგი ზუბიაშვილის დარტყმულს გადაეღობა და კარისკენ მიმავალი ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელთა ცენტრალურ მცველს, ზურაბა სეხნიაშვილს, გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში ძლიერად დარტყმა ვერ მოახერხა, საბოლოოდ ბურთს სტუმართა კიპერი დაემორჩილა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 48-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ბურთი დავით ჩიგოევმა მიიღო, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ააცილა. დაპირისპირების 53-ე წუთზე ვარკეთილის კარის მიმართულებით შოთა დავლაშელიძემ ძლიერად დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 60-ე წუთზე ვარკეთილელი მცველები საკუთარი საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტის შესასრულებლად გიორგი თიგიშვილი გაემართა, რომელმაც ძლიერ, თუმცა არაზუსტად დაარტყა. ხსენებული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელთა მეკარემ საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა, მამია ტაბეშაძემ პირისპირ გასული დავით ჩიგოევის დარტყმული მოიგერია. დღევანდელი შეხვედრის საფინალო რეზულტატი 81-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი შორეული დარტყმით დავით ჩიგოევმა გაიტანა. მატჩის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხური მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე მამია ტაბეშაძემ ითამაშა, კარისკენ დარტყმაც სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
 
ვიტ ჯორჯია II 0:1 ვარკეთილი
გოლი: ჩიგოევი (81’)
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, შეროზია, ჩაკვეტაძე, სეხნიაშვილი, დანელია, კამლაძე, დავლაშელიძე, თიგიშვილი, გურასაშვილი (ზარიძე 46’), გვასალია (მუსელიანი 87’), კვარაცხელია (ნაჭყებია 70’)
ვარკეთილი: ყურაშვილი, მოსაშვილი, ჩხარტიშვილი, გორდელაძე (გიგი სამადაშვილი 75’), ზუბიაშვილი (ნადირაძე 84’), ხვედელიძე, ქებაძე, ჩიგოევი, გაგა სამადაშვილი (წაწიშვილი 68’), გოგსაძე, წამალაშვილი
 
გაფრთხილება: გურასაშვილი, შეროზია - ხვედელიძე, გორდელაძე
უკან დაბრუნება