ვიტ ჯორჯია 1:0 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

19 მაისი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის XIII ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვა.

დაპირისპირება ვეტერინართა უპირატესობით დაიწყო, მესამე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა ცხინვალის უკრაინელმა კიპერმა, ვლადიმერ მელნიჩენკომ ბურთის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის მერვე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს, შეტევის მარჯვენა ფრთაზე გიორგი ჭანკოტაძემ იაქტიურა, რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში გახსნილი ზურაბ ღირდალაძე შენიშნა და გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტი დარტყმით ბურთი ცხინვალელთა კარის ბადეში გაახვია - 1:0. მოწინააღმდეგემ ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით პირველი დარტყმა 21-ე წუთზე განახორციელა, შორი მანძილიდან ლაშა ქოჩლაძემ გაისროლა, მაგრამ ბურთმა კარს საკმაო მანძილით ასცდა. შეხვედრის 23-ე წუთზე ცხინვალელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს ხაზთან თამაშის წესები დაარღვიეს, საკმაოდ სახიფათო სტანდარტის შესრულება თავის თავზე გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო, რომლის დარტყმული ბურთიც საბოლოოდ ცოცხალ კედელში აღმართულ მოთამაშეს მოხვდა და ეპიზოდიც განიმუხტა. მატჩის 33-ე წუთზე ნიკა წივწივაძემ შორი დისტანციიდან ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. დაპირისპირების 36-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერს, ჯონი შეროზიას, საკუთარი გუნდის გადარჩენა მოუხდა, მან ახლო დისტანციიდან თამაზ მაქაცარიას ძლიერად დარტყმული ბურთის დამორჩილება მოახერხა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჯონი შეროზია კვლავ აქტიურად ჩაერთო თამაშში, მან ამჯერად ლაშა ქოჩლაძის დარტყმული ბურთი აიღო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში სტუმრებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარის მიმართულებით გივი იოსელიანი ურტყამდა, თუმცა კარისკენ წასულ ბურთს გზად მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. დაპირისპირების 51-ე წუთზე ცხინვალის კიპერმა გურამ გურეშიძის დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია. შეხვედრის 57-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის ბრწყინვალე გადაცემის შედეგად გოლის გატანა კახა კახაბრიშვილის მართებდა, ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, დაარტყა კიდეც, თუმცა კარიდან გამოსულმა კიპერმა ბურთის მოგერიება შეძლო. მატჩის 58-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლაშა გვალიამ ძლიერად დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ჯონი შეროზიამ ბურთზე რეაგირება დროულად მოახდინა, ნახტომში ბურთს მიმართულება შეუცვალა, შედეგად ბურთი ხარიხას მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. დაპირისპირების 63-ე წუთზე შორი მანძილიდან კვლავ ლაშა გვალიამ დაარტყა და ბურთი ამჯერადაც ხარიხას მოხვდა, დამატებაზე სათამაშოდ წასული მისი თანაგუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის 66-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძის გადაცემის შემდეგ გიორგი ვაზაგაშვილმა ცხინვალის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი სამიზნეს ასცდა. მატჩის 88-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ლაშა გვალიას დარტყმული მოიგერია.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 ცხინვალი
გოლი: ღირდალაძე (8’)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური (კახაბრიშვილი 46’), ვაზაგაშვილი (დანელია 82’), ღირდალაძე (კამლაძე 75’), გიგა გურეშიძე, ჭანკოტაძე, ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი
 
ცხინვალი: მელნიჩენკო, ცერცვაძე, მაქაცარია, ქოჩლაძე, ნადირაძე (ლომსაძე 67’), ოლუვა (ქრისტესიაშვილი 86’), სულთანიშვილი, ლეჟავა, წივწივაძე (იოსელიანი 46’), გვალია, გადრანი
 
გაფრთხილება: შეროზია, ჭანკოტაძე, ექვთიმიშვილი
გაძევება: ჭანკოტაძე
 
 
უკან დაბრუნება