მერანი 2:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

24 მაისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XIV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად, მარტვილში გამართა. ჩვენი გუნდი მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ, მერანს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 0:2 დამარცხდა.

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. მეთორმეტე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით ლაშა ჩალაძემ დაარტყა, ჩვენი გუნდის კიპერი, ჯონი შეროზია, ბურთს ადგილზე დახვდა. ანგარიში დაპირისპირების 24-ე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფრთიდან ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ბენჯამინ ტეიდმა ჩამოაწოდა, სერგეი ტრეტიაკმა ბურთი რევაზ ბარაბაძეს დაუგორა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 0:1. დაპირისპირების 29-ე წუთზე მარტვილელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, ჯარიმის შესრულება საკუთარ თავზე გურამ გურეშიძემ აიღო, ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა არაზუსტად. თამაშის 43-ე წუთზე, მარტვილელმა ფეხბურთელებმა სტანდარტიდან ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ჩააწოდეს, დასწრებაზე ვაჟა ლომაშვილმა ითამაშა, თავით არაზუსტად დაარტყა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე ვეტერინართა კარის მიმართულებით ბენჯამინ ტეიდმა დაარტყა და ააცილა.

მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით დაიწყო. დაპირისპირების 49-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მერანის საჯარიმოში ბადრი ტეტუნაშვილმა ჩააწოდა, მასპინძელთა კარის მიმართულებით დათო საჯაიამ თავით დაარტყა და ახლო მანძილიდან ააცილა. შეხვედრის 53-ე წუთზე მერანის კარის მიმართულებით პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და მარტვილელთა კიპერმა, ზურაბ მამალაძემ, ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მატჩის 58-ე წუთზე დათო საჯაიას კიდევ ერთხელ მიეცა მარტვილელთა კარის აღების შესაძლებლობა, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს ამჯერად ფეხი დაარტყა, თუმცა კარს ახლო მანძილიდან ააცილა. მასპინძლებმა 71-ე წუთზე ჯარიმიდან ბურთი მეკარის ბაქნისკენ დაკიდეს, დასწრებაზე რევაზ ბარაბაძემ ითამაშა და გოლი გაიტანა - 0:2. შეხვედრის 75-ე წუთზე მერანის კარის მიმართულებით შორიდან შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა და ბურთი პირდაპირ მეკარეს მიუვიდა. თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ბენჯამინ ტეიდის გადაცემის შემდეგ ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ რევაზ ბარაბაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მერანის კარის მიმართულებით შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და მასპინძელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია.
 
მერანი 2:0 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ბარაბაძე (24’) 2:0 ბარაბაძე (71’)
 
მერანი: მამალაძე, ტეიდი, ბარაბაძე (გეგია 84’), მაისაშვილი, ტრეტიაკი (კურდღელაშვილი 46’), ლომაშვილი, მელიავა, გიორგაძე, ჩალაძე, გეწაძე, რუხაძე (წოწონავა 88’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, კახაბრიშვილი (ღირდალაძე 46’), გიგა გურეშიძე (საჯაია 46’), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 77’), ჩიტიშვილი, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: გეწაძე - ექვთიმიშვილი, ღუდუშაური, საჯაია
 
უკან დაბრუნება