ვიტ ჯორჯია II სტუმრად დამარცხდა

25 მაისი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის X ტურის შეხვედრა გამართეს ვიტ ჯორჯიელებმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში ხაშურის ივერიას დაუპირისპირდნენ. ბორჯომის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვეტერინარები მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.

ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა, ვიტ ჯორჯიელთა მარჯვენა მცველმა, გიორგი შეროზიამ, საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვასილ ბერიძემ შეასრულა - 0:1. დაპირისპირების მეათე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ჯარიმიდან ვაჟა ჭანკოტაძემ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 17-ე წუთზე გიორგი მანჩხაშვილმა დაარტყა ვეტერინართა კარისკენ და მანაც არაზუსტად. დაპირისპირების 22-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, შეტევის მარცხენა ფრთიდან სტანდარტი გოჩა კვარაცხელიამ და ცოტნე მოსიაშვილმა გაითამაშეს, საბოლოოდ ხაშურელთა კარში კვარაცხელიამ დაარტყა და მასპინძელთა კიპერმა კვლავ კუთხურზე მოიგერია. გიორგი თიგიშვილმა სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა, მეორე სართულზე ორთაბრძოლა გიორგი ამაშუკელმა მოიგო, დაარტყა კიდეც ივერიას კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 31-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ ხაშურელთა კარის მიმართულებით გოჩა კვარაცხელიამ დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, შეტევის მარცხენა ფლანგიდან გოჩა კვარაცხელიამ იაქტიურა, საბოლოოდ გოგა დანელიამ მეტოქის საჯარიმოში ირაკლი კამლაძის მისამართით გაგზავნა, ამ უკანასკნელმა დავით კვაშილავას დაუტოვა, რომელმაც დაარტყა, საბოლოოდ მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება შეძლო. შეხვედრის 62-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გოგა დანელიამ გააკეთა, შეცვლაზე შესულმა ბადრი სამსონია მეტოქის კარს ახლო მანძილიდან ააცილა. მატჩის 65-ე წუთზე ჩვენი გუნდის კიპერს, ლევან ისერგიშვილს, საქმეში აქტიურად ჩართვა მოუხდა, მან ვაჟა ჭანკოტაძის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. თამაშის 70-ე წუთზე გიორგი თიგიშვილის შორეული დარტყმული საკმაო მანძილით ასცდა მეტოქის კარს. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გოჩა კვარაცხელიას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი სამიზნეს მცირედით ასცდა. მატჩის 84-ე წუთზე კვლავ გოჩა კვარაცხელია ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მისი დარტყმული ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.
 
ივერია 1:0 ვიტ ჯორჯია II
გოლი: ბერიძე (პენ. 5’)
 
ივერია: დერევიაჩენკო, გუგბერიძე, სამნიაშვილი, ლაცაბიძე, გიორგი ხაჩიძე, შუბიტიძე, ლაშა ხაჩიძე, მანჩხაშვილი, ჭანკოტაძე, ნანეტაშვილი (სადუნიშვილი 82'), ბერიძე (წიქარიშვილი 84’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, შეროზია (მაზანაშვილი 46’), სეხნიაშვილი, ამაშუკელი, დანელია, კამლაძე, მოსიაშვილი, თიგიშვილი, კვაშილავა (სამსონია 55’), ზარიძე, კვარაცხელია
 
გაფრთხილება: მანჩხაშვილი - მოსიაშვილი, დანელია
უკან დაბრუნება