ვიტ ჯორჯია 4:1 სიონი [ფოტო+ვიდეო]

28 მაისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა, თუმცა პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს. დაპირისპირების 15-ე წუთზე ვეტერინართა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მეკარის ბაქნისკენ ალექსანდრე კოშკაძემ ჩააწოდა, სადაც თავით კარგად ითამაშა ალეკო ჩაკვეტაძემ და ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე კვლავ მან ითამაშა და საჯარიმოს გარეთ გადააგდო  - ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის 18-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის ჩაწოდების შემდეგ, ბოლნისელთა კარის მიმართულებით ბურთს ალეკო ჩაკვეტაძე გზავნიდა, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. მატჩის 30-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შორი მანძილიდან ჯაბა დვალმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 31-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გახსნის ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ, ბოლნისელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს გიორგი ჭანკოტაძე გზავნიდა კარის მიმართულებით, თუმცა სიონის კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. შეხვედრის 34-ე წუთზე ვეტერინარებმა მეტოქის კარი აიღეს. ბოლნისელთა საჯარიმოში სტანდარტიდან გიგა გურეშიძემ ჩააწოდა, სტუმართა მცველებმა ბურთი საჯარიმოდან გამოიტანეს, სადაც ზურაბ ღირდალაძე სიტუაციაში კარგად გაერკვა, ბურთი მოიპოვა, კარისკენ დაარტყა კიდევაც და გაიტანა - 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, ბოლნისელებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა - 1:1.

შეხვედრის 53-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხური გაითამაშეს, გურამ გურეშიძემ საჯარიმოს ხაზთან მყოფ გიორგი ჭანკოტაძეს დაუგორა, რომელმაც მეკარის ბაქანთან რბილად ჩააწოდა, სიონის კარისკენ თავით ბადრი ტეტუნაშვილმა დაარტყა და მეკარემ მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. დაპირისპირების 57-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მრავალცვლიანი კომბინაცია გიორგი ჭანკოტაძის გოლით დაგვირგვინდა - 2:1. მატჩის 70-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში შეტევის მარცხენა ფრთიდან პაატა ღუდუშაური შეიჭრა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, კარისკენ მიმავალ ბურთზე ბოლნისელთა მცველმა, ზურაბ თევზაძემ, ხელით ითამაშა მსაჯმა იგი გააფრთხილა და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი გიგა გურეშიძემ ზუსტად და გამოზომულად შეასრულა, რითაც ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა - 3:1. ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ბოლნისელთა კარი შეცვლაზე შემოსულმა კახა კახაბრიშვილმა აიღო, რომელსაც საგოლე გადაცემა გიორგი ვაზაგაშვილმა გაუკეთა - 4:1. კომპენსირებულ დროში ვიტ ჯორჯიელებმა საკმაოდ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან კარისკენ კახა კახაბარიშვილმა დაარტყა, სიონის მეკარემ დროულად მოახდინა რეაგირება და ბურთის ხელებში დაფიქსირება შეძლო.

ვიტ ჯორჯია 4:1 სიონი
გოლები:
1:0 ღირდალაძე (34') 1:1 დვალი (42') 2:1 ჭანკოტაძე (57') 3:1 გიგა გურეშიძე (პენ. 70') 4:1 კახაბრიშვილი (87')
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (კახაბრიშვილი 78’), გიგა გურეშიძე, ჭანკოტაძე (ვაზაგაშვილი 82’), საჯაია (დანელია 87’), დავლაშელიძე
 
სიონი: მაქაცარია, გიორბელიძე, კოშკაძე, ყურაშვილი (უგულავა 58’), დვალი, სვანიძე, ჯაფიაშვილი (გურეშიძე 76’), ჭეიშვილი (ლილუაშვილი 58’), კირკიტაძე, თევაძე, სიხარულია
 
გაფრთხილება: ღირდალაძე, დავლაშელიძე - თევზაძე

 
უკან დაბრუნება