ეროვნული ლიგა 2. XVI ტურის სტატისტიკა - ვიტ ჯორჯიელები საუკეთესოებში

05 ივნისი 2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ანალიტიკურ კომპანია InStat-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ლიგისა და ლიგა ორის გუნდები ყოველი ტურის შემდეგ მატჩის ანალიზთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებსაც იღებენ. ვიტ ჯორჯიას ერთგულ გულშემატკივარს, გვსურს გავაცნოთ გასული, XVI ტურის სტატისტიკური მონაცემები.

გასულ ტურში ვიტ ჯორჯია ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტში გუნდურ მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ცხინვალმა დაიკავა, მესამე კი წყალტუბოს სამგურალმა.

ბურთის ფლობის მხრივ ვიტ ჯორჯია გასულ ტურში მესამე ადგილზე გახლავთ. პირველ საფეხურზე ამ კომპონენტში წყალტუბოს სამგურალი გავიდა, მეორეზე კი მარტვილის მერანი.

ვიტ ჯორჯია გასული ტურის სამ შემტევ გუნდში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციაზე გაგრა იმყოფება, მესამეზე კი რუსთავი. რაც შეეხება ფლანგურ შეტევებს, სამეული იდენტურად დაკომპლექტდა.

ზუსტად შესრულებული გადაცემების მხრივ, ვიტ ჯორჯია ტურის სამ საუკეთესო გუნდში მოხვდა. პირველ პოზიციაზე ცხინვალი არის, მეორეა მარტვილის მერანი.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები სამეულში მოხვდნენ, მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებები გახლავთ. პირველ პოზიციაზე არის მარტვილის მერანი, მესამე კი გაგრა.

გასული ტურში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ვიტ ჯორჯიამ მოიგო და ამ კომპონენტში პირველი გახლავთ. მეორეზეა გაგრა, მესამე კი ბოლნისის სიონია.
ვიტ ჯორჯიელებმა საჰაერო ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს და შესაბამისად XVI ტურის სტატისტიკას შესაბამის კომპონენტში ლიდერობენ. მეორე ადგილზეა ტყიბულის მეშახტე, მესამე კი მარტვილის მერანი.

მოწინააღმდეგის ნახევარზე ჩაჭრებში გასული ტურის მონაცემების გათვალისწინებით ვიტ ჯორჯია მეორეა. პირველზე მარტვილის მერანი არის, მესამე კი მეშახტე გახლავთ.


გასულ ტურში ინდივიდუალურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტექნიკა-ტაქტიკურ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელთა კაპიტანმა, გურამ გურეშიძემ დააგროვა. მეორე ადგილზეა ვეტერინართა განაპირა მცველი - დათო საჯაია. მესამე პოზიციაზე წყალტუბოს სამგურალის მოთამაშე - შალამბერიძე.

კიდევ ერთი კომპონენტი, სადაც ვიტ ჯორჯიელები ლიდერობენ, ზუსტი გადაცემებია. სამეული ჩვენი ფეხბურთელებით გახლავთ დაკომპლექტებული. გურამ გურეშიძემ, დათო საჯაიამ და გიგა გურეშიძემ XVI ტურში ყველაზე მეტი და ამავდროულად ზუსტი პასი გააკეთეს.

ვიტ ჯორჯიელთა დომინაციაა წყვილთა შორის გაკეთებულ გადაცემებშიც. პირველ პოზიციაზე დათო საჯაიასა და გიგა გურეშიძის დუეტია, მეორე ადგილზე კი გურამ გურეშიძისა და გიგა გურეშიძის წყვილი. მესამე საფეხურზე იმყოფება ჯიქია-ჩალაძის (მარტვილის მერანი) დუეტი.


გასულ ტურში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი გადაცემა ცხინვალში მოთამაშე ქრისტესიაშვილმა მიიღო, ამ კომპონენტში მეორეზე გავიდა მისივე თანაგუნდელი ქოჩლაძე, ხოლო მესამე საფეხურზე გახლავთ ჩვენი გუნდის კაპიტანი გურამ გურეშიძე.

მორიგი კომპონენტი, საჰაერო ორთაბრძოლებია. ვიტ ჯორჯიელთა მცველს, ბადრი ტეტუნაშვილს, გასულ ტურში არცერთი საჰაერო ორთაბრძოლა არ წაუგია 8/8. სამეულში მასთან ერთად არიან ბარაბაძე (მარტვილის მერანი) და ქირია (ზუგდიდი).

გასულ ტურში ყველაზე მეტი ართმევა ჩვენი გუნდის განაპირა მცველმა, დათო საჯაიამ შეასრულა. ამ კომპონენტში მეორე ადგილზე ხოსიტაშვილი გახლავთ (მეშახტე), მესამეზე კი ცერცვაძე (ცხინვალი).

მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის დაუფლება - ამ კომპონენტში ვიტ ჯორჯიელი დათო საჯაია მეორეა, პირველზე გადრანი (ცხინვალი), მესამე კი აფხაზავა (მეშახტე) გახლავთ.

მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის ართმევა - ტურის საუკეთესო ტყემალაძე (გურია) გახდა, მეორეა ვიტ ჯორჯიელი გურამ გურეშიძე, მესამე კი ოლუვა (ცხინვალი).

ტურის სამ საუკეთესო მარცხენა მცველს შორის დათო საჯაია დასახელდა. პირველ  ადგილზე გავიდა გაფრინდაშვილი (რუსთავი), ხოლო მეორეზე ჯიშკარიანი (გაგრა).
 
უკან დაბრუნება