ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია 3:1 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

09 ივნისი 2017
ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას ვიტ ჯორჯიელები აქტიურად იყენებენ. დღეს, მცხეთა პარკზე, ვეტერინარებმა საკონტროლო შეხვედრა გამართეს. თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ცხინვალს გაეჯიბრა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 დაამარცხა.

მატჩი ჩვენი გუნდის ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს. მეხუთე წუთზე გიგა გურეშიძემ მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა - 1:0. მატჩის 17-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის დარტყმული ბურთი ცხინვალის კარის ძელმა მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გიორგი ჭანკოტაძემ ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა, მისი დარტყმული კარს მცირედით ასცდა. შეხვედრის 25-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით თორნიკე კოკაიამ შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 26-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ცხინვალელთა საჯარიმოში პაატა ღუდუშაური შეიჭრა, რომელმაც ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიცილა, გადაცემა გურამ გურეშიძის მისამართით გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი დაუცველ კარში მშვიდად შეაგორა - 2:0. შეხვედრის 30-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შესძლეს. პენალტიდან გოლი ერეკლე სულთანიშვილმა გაიტანა - 2:1. მატჩის 31-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა სამიზნეს ახლო მანძილიდან მცირედით ააცილა. შეხვედრის 35-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის დარტყმული ბურთი ცხინვლის კიპერმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დმიტრო სულას მიერ დარტყმული ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კარის ძელს მოხვდა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 53-ე წუთზე, შეტევის მარჯვენა ფრთიდან ბადრი ტეტუნაშვილმა ბურთი ცხინვალის კარისკენ მიმართულებით გაგზავნა, სტუმართა კიპერმა ბურთის დამორჩილება განმეორებითი მცდელობის შემდეგ მოახერხა. შეხვედრის 53-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა, შეტევაში ჩართულმა ბადრი ტეტუნაშვილმა ბურთი პარტნიორს გადააწოდა, რომლის დარტყმული ბურთიც გზად მეკარეს შეეხო და ისე გავიდა - 3:1. შეხვედრის 75-ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა მიეცა კახა კახაბრიშვილს, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა.

ვიტ ჯორჯია 3:1 ცხინვალი
გოლები: 1:0 გიგა გურეშიძე (პენ. 5’), 2:0 გურემ გურეშიძე (26’), 2:1 სულთანიშვილი (პენ. 30’), 3:1 მელნიჩენკო (ავტოგოლი 53’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, გურამ გურეშიძე, საჯაია, ღირდალაძე, დავლაშელიძე, გიგა გურეშიძე, ჭანკოტაძე, მუხულიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ისერგიშვილი, კახაბრიშვილი, ვაზაგაშვილი, კამლაძე, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი, დანელია, ექვთიმიშვილი, ნაჭყებია

ცხინვალი: მელნიჩენკო, ცერცვაძე, გადრანი, ყურშავიშვილი, წივწივაძე, სულთანიშვილი, ქრისტესიაშვილი, ლეჟავა, კოკაია, ლომსაძე, სულა

სათადარიგოები: აბაშიძე, კენჭაძე, მუზაშვილი, თათხაშვილი, მირიანაშვილი, ბარაბაძე
უკან დაბრუნება