რუსთავი 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

15 ივნისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XVII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ფოლადის სტადიონზე რუსთავის საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდა. თამაში საყაიმო შედეგით - 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. მეხუთე წუთზე საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს რევაზ ჩიტიშვილი დაჯარიმდა, სტანდარტიდან კარისკენ დათა სიჭინავამ დაარტყა და ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კარის ხარიხამ მოიგერია. დაპირისპირების 15-ე წუთზე ვეტერინართა კარის მიმართულებით კვლავ დათა სიჭინავამ დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 18-ე წუთზე რუსთაველთა მორიგი იერიში კარში დარტყმით დასრულდა, ამჯერად ზაზა ციცქიშვილის გასროლილი გამოდგა არაზუსტი. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში გიორგი გაფრინდაშვილმა ააცილა კარს. მატჩის 23-ე წუთზე დათა სიჭინავამ ჯარიმიდან კარის მიმართულებით სახიფათოდ დაარტყა და ბურთი ვიტ ჯორჯიელთა კარს გარედან მოხვდა. მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი 25-ე წუთზე ჰქონდათ, დათა სიჭინავამ ბურთი გარე ტერფით აჭრა და თანაგუნდელ ბესიკ ჩიმაკაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელის მიერ ახლო მანძილიდან შესრულებული თავური დარტყის შემდეგ ბურთმა კარს გვერდით ჩაუარა. დღევანდელ მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, გატანილი გოლით თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა - 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელები გააქტიურდნენ, პირველივე შეტევაში, 28-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის დარტყმული ბურთი რუსთაველთა კიპერმა, მიხელ ალავიძემ მოიგერია. თამაშის 38-ე წუთზე მასპინძელთა მეკარეს კიდევ ერთხელ მოუხდა თამაშში ჩართვა, მას ამჯერად ოთარ მუხულიშვილის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ე წუთზე, ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ, ვიტ ჯორჯია მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა. მან ზვიად ლობჯანიძის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. მატჩის 52-ე წუთზე დათა სიჭინავამ ვეტერინართა საჯარიმოში სტანდრტიდან ჩააწოდა, ნიკოლოზ აფაქიძემ თავური დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. დაპირისპირების 55-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მორიგი შეტევა პაატა ღუდუშაურის კარში დარტყმით დასრულდა, რუსთაველთა კიპერს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. შეხვედრის 62-ე წუთზე ჯონი შეროზიამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, მან ამჯერად ბესიკ ჩიმაკაძის დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე გოლის გატანა დათა სიჭინავამ სცადა, თუმცა კარს ააცილა. მატჩის 73-ე წუთზე დათა სიჭინავამ კიდევ ერთხელ დაარტყა ჩვენის კარის მიმართულებით, თუმცა ბურთი კარს საკმაო მანძილით ასცდა. თამაშის 82-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ახლო მანძილიდან ააცილა რუსთაველთა კარს. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში გიორგი ჭანკოტაძემ ტექნიკური დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა ბურთი მასპინძელთა კარს მცირედით ასცდა. შეხვედრის 87-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სტანდარტი გაითამაშეს, საბოლოოდ კი გიორგი ჭანკოტაძემ რუსთავის კარის მიმართულებით დაარტყა და მეკარეს კიდევ ერთხელ მოუხდა ბურთის კუთხურზე მოგერიება. მორიგ სტანდარტს ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი ხიფათი მოაყოლეს, ამჯერად პაატა ღუდუშაურმა დაარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით და რომ არა ხარიხა გოლი გარდაუვალი იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გურამ გურეშიძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან გახსნილი ზურაბ ღირდალაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა მაღალი ბურთი მკერდით ჩამოიღო, დაამუშავა, გაისწორა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
 
რუსთავი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ციცქიშვილი (27’) 1:1 ღირდალაძე (90+2’)
 
რუსთავი: ალავიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა, გუჯაბიძე, აფაქიძე, ციცქიშვილი, ნარიმანიძე, ჩიმაკაძე, ლობჯანიძე, მინდორაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, გიგა გურეშიძე, ჭანკოტაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: გაფრინდაშვილი - საჯაია, ღუდუშაური, ღირდალაძე
გაძევება: ღირდალაძე
უკან დაბრუნება