ვიტ ჯორჯია 0:0 გურია [ფოტო+ვიდეო]

22 ივნისი 2017
ეროვნული ლიგა ორის XVIII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკზე გამართა. ჩვენმა გუნდმა ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ გურიას უმასპინძლა. მომენტებით დახუნძლული მატჩი საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

შეხვედრის დებიუტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეხუთე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ გაისროლა, თუმცა ჩვენი კიპერი, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და ეპიზოდიც განიმუხტა. ვეტერინარებმა მეოცე წუთისთვის სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. ჩვენი გუნდის მორიგი იერიში სტუმრებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. დაპირისპირების 21-ე წუთზე სტანდარტის შესრულება საკუთარ თავზე გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო, მისი დარტყმული ბურთი ლანჩხუთელთა მეკარემ, ლაშა ძაგანიამ მოიგერია, გადმოვარდნილ ბურთთან პირველი გურამ გურეშიძე აღმოჩნდა, რომელმაც დამატებაზე სცადა გოლის გატანა, თუმცა კარისკენ მიმავალ ბურთს მცველები გადაეღობნენ და შეტევა მოიგერიეს. შეხვედრის 24-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით შოთა დავლაშელიძემ ძლიერად დაარტყა, თუმცა გურულთა მეკარემ ამჯერადაც მოახერხა ბურთის მოგერიება. შეხვედრის 26-ე წუთზე კახა კახაბრიშვილი მოწინააღმდეგის მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ აღმოჩნდა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს გურულთა კამერუნელი ლეგიონერი, მაგლოირე ტელა გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 30-ე წუთზე გოლის სტუმართა კარის აღებას გიორგი ვაზაგაშვილი შეეცადა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ლანჩხუთელთა მეკარეს 35-ე წუთზე საკუთარი გუნდის გადარჩენა კიდევ ერთხელ მოუხდა, მან ამჯერად გურამ გურეშიძის შორეული დარტყმული ნახტომში მოიგერია და ბურთის ხელებში დაფიქსირება შესძლო. შეხვედრის 39-ე წუთზე კახა კახაბრიშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლელობა, თუმცა მის მიერ ახლო მანძილიდან თავით შესრულებული დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კახა კახაბრიშვილი კიდევ ერთხელ დაემუქრა სტუმართა კარს, ამჯერად მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა. შეხვედრის 52-ე წუთზე შოთა დავლაშელიძის დარტყმული ბურთი გურულთა კარს მცირედით ასცდა. მატჩის 57-ე წუთზე ლანჩხუთელთა შეტევა გიორგი კაშიას მიერ შესრულებული კარში დარტყმით დასრულდა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა და ხელებში დაფიქსირებაც მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვეტერინარებმა  მეტოქის კართან მორიგი ხიფათი შექმნეს, დამასრულებელ ფაზაში კარის მიმართულებით გიორგი ვაზაგაშვილი ურტყამდა და ააცილა. შეხვედრის 60-ე წუთზე გურიას მცველების შეუთანხმებელი თამაშის შედეგად კახა კახაბრიშვილი მეკარესთან კვლავ პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მისმა დარტყმულმა არც ამჯერად უწია სამიზნეს და მხოლოდ კუთხურს გამორჩა. მატჩის 74-ე წუთზე შოთა დავლაშელიძის მიერ დარტყმული ბურთი ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს, დამატებაზე გოლის გატანას ალეკო ჩაკვეტაძე შეეცადა, თუმცა მისი თავური არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის 81-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა, კარისკენ მიმავალ ბურთს მცველები გადაეღობნენ და იერიშის მოგერიებაც შესძლეს.

ვიტ ჯორჯია 0:0 გურია
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ვაზაგაშვილი, კახაბრიშვილი (კამლაძე 80'), ჭანკოტაძე (დანელია 75'), ექვთიმიშვილი (გიგა გურეშიძე 67'), ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
გურია: ძაგანია, მეგრელიშვილი, კოტრიკაძე, შენგელია, კიკნაველიძე (მოსიძე 71'), გოგუაძე (ბარბაქაძე 73'), ბახია, ტელა, შარიქაძე, ტყემალაძე, კაშია (მალანია 89')
 
 
 
უკან დაბრუნება