ტესტმატჩი. დილა 2:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

08 ივლისი 2017
დღეს, გორის ქართლის სტადიონზე, ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ დილას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით - 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო ინიციატივით დაიწყო. ვეტერინარებმა შეხვედრის მეშვიდე წუთზე გახსნეს ანგარიში. ბადრი ტეტუნაშვილმა გადაცემა კახა კახაბრიშვილის მისამართით გააკეთა, ამ უკანასკნელმა პოზიციისთვის ორთაბრძოლა ოთარ კუსიანს მოუგო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით კარი აიღო - 1:0. შეხვედრის მეცამეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან ჟან დერეტმა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ დათო კირკიტაძემ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 30-ე წუთზე გორის დილას კარის მიმართულებით კახა კახაბრიშვილმა თავით დაარტყა, მასპინძელთა კიპერი, მიხეილ მუჯრიშვილი, ბურთს ადგილზე დახვდა. დაპირისპირების 34-ე წუთზე გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა პედრინიომ, ჯარიმიდან კარისკენ დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ე წუთზე, გიორგი ვეკუამ გორელთა საჯარიმოში ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ორთაბრძოლა ზურაბ სეხნიაშვილმა მოიგო, თავით დილას კარის მიმართულებით დაარტყა კიდეც, თუმცა სამიზნეს მცირედით ააცილა. მატჩის 58-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით სალიუ ტარავალიემ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა - ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, ლევან ისერგიშვილი, ბურთს ადგილზე დახვდა. შეხვედრის 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში დათო საჯაია შეიჭრა, ახლო მანძილიდან კარისკენ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 65-ე წუთზე ჩვენი კარისკენ სალიუ ტარავალიემ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა. გორელებმა ანგარიშის გათანაბრება 72-ე წუთზე მოახერხეს, პენალტიდან გოლი ირაკლი მოდებაძემ გაიტანა - 1:1. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე იმედა აშორტიას დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა და კარის ბადეში გაეხვა - 1:2. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდათ, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთზე თავით ირაკლი ზარიძემ ითამაშა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა დარტყმულს სიძლიერე დააკლდა და მეკარემ ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა.
 
დილა 2:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 კახაბრიშვილი (7’) 1:1 მოდებაძე (პენ. 72’) 2:1 აშორტია (80’)
 
დილა: მუჯრიშვილი, კერელეიშვილი, ალიუ, კუსიანი, გაგოშიძე, ძარია, პედრინიო, დერეტი, ტარავალიე, კირკიტაძე, მოდებაძე
სათადარიგოები: ბეგაშვილი, რაზმაძე, აშორტია, მაჩაიძე, ნონიკაშვილი, არქანია, კიკაბიძე, ბუზალაძე, ჭეჭელაშვილი

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 46’), საჯაია (დანელია 79’), ჩაკვეტაძე (სეხნიაშვილი 46’), ტეტუნაშვილი, კამლაძე (მუხულიშვილი 46’), დემეტრაძე (ზარიძე 46’), გურამ გურეშიძე, ვეკუა (ექვთიმიშვილი 60’), კაკუშაძე (ვაზაგაშვილი 60’), დავლაშელიძე, კახაბრიშვილი (ღირდალაძე 60’)

გაფრთხილება: პედრინიო, მოდებაძე - დემეტრაძე
 
უკან დაბრუნება