ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია 1:0 შუქურა [ფოტო+ვიდეო]

13 ივლისი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგა ერთის წარმომადგენელ ქობულეთის შუქურას გაეჯიბრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

ვეტერინარებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. შეხვედრის მეექვსე წუთზე ქობულეთელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი კახა კახაბრიშვილმა აიღო - 1:0. შეხვედრის მეთერთმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, ჩვენი გუნდის კიპერმა ფელიპეს დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი მწვავე იერიში აწარმოეს. ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ შუქურას კარის მიმართულებით გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა, კარისკენ წასული ბურთი ქობულეთელთა კიპერმა, გიორგი სომხიშვილმა, კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და რომ არა მცველი, რომელმაც კარის ხაზიდან მოახერხა ბურთის მოგერიება, გოლი გარდაუვალი იყო. დაპირისპირების 24-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ სცადა შუქურას კარის აღება, ამ უკანასკნელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მატჩის 35-ე წუთზე შოთა დავლაშელიძეს კიდევ ერთხელ მიეცა მოწინააღმდეგის კარის აღების შესაძლებლობა, მისი დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეს გარედან შეეხო. პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე  გიორგი ვაზაგაშვილს გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ქობულეთელთა კარს საკმაო მანძილით ასცდა.

მეორე ნახევარის საწყისი წუთები მოედნის ცენტრში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სახიფათო მომენტებიც შედარებით ნაკლები იყო. შეხვედრის 65-ე წუთზე ბექა კაკუშაძის სოლო-რეიდი ვიხილეთ, დამასრულებელ ფაზაში ამ უკანასკნელმა ბურთი პაატა ღუდუშაურს გადააწოდა, რომლის დარტყმულსაც მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. სტანდარტიდან საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს თავი ირაკლი კამლაძემ დაარტყა და სახიფათო მომენტი კვლავ მცველებმა გაანეიტრალეს. დაპირისპირების 66-ე წუთზე კუთხურიდან ბექა კაკუშაძემ პირდაპირ ქობულეთელთა საჯარიმოში ჩააწოდა, მეორე სართულზე ორთაბრძოლა ირაკლი ზარიძემ მოიგო, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს შუქურას მეკარე დაეუფლა.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 შუქურა
გოლი:
კახაბრიშვილი (6’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზა, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი (ჩიტიშვილი 46’), ჩაკვეტაძე, საჯაია (კამლაძე 63’), ექვთიმიშვილი (გიგა გურეშიძე 60’), გურემ გურეშიძე (დემეტრაძე 46’), დავლაშელიძე (ვეკუა 46’), კახაბრიშვილი (ზარიძე 62’), ღირდალაძე (კაკუშაძე 46’), ვაზაგაშვილი (ღუდუშაური 46’)
შუქურა: სომხიშვილი, კახელიშვილი, ჩაჩუა, ჩადუნელი, პომაზანი, გოგიტიძე, კლიმიაშვილი, გოგილაშვილი, ფელიპე, გურული, ჩაგელიშვილი
უკან დაბრუნება