ცხინვალი 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

10 აგვისტო 2017
ეროვნული ლიგა ორის XXII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ ცხინვალს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

მატჩი ვიტ ჯორჯიელებმა აქტიურად დაიწყეს. შეხვედრის მეორე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, ცხინვალელთა მეკარეს, ვადიმ პროკოპენკოს, ბურთის კუთხურზე მოგერიება მოუხდა. დაპირისპირების მეხუთე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მოწინააღმდეგის კარზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, დათო საჯაიას დარტყმულის შემდეგ ბურთი ცხინვალის მეკარემ მოიგერია. მატჩის მეთორმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით თამაზ მაქაცარიამ დაარტყა, კარისკენ მიმავალი ბურთი გზად მცველს შეეხო და კუთხურზე გადავიდა, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე პაატა ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ სცადა მეტოქის კარის აღება, თუმცა მისი დარტყმული კვლავ ასცდა სამიზნეს. მატჩის 27-ე წუთზე ცხინვალის მეკარემ ზურაბ ღირდალაძის მიერ დარტყმული ბურთის დამორჩილება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში მასპინძელთა თავდამსხმელმა, თამაზ მაქაცარიამ ჩვენი კარის მიმართულებით დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა და ხიფათიც განიმუხტა. ანგარიში 32-ე წუთზე ვეტერინარებმა გახსნეს, ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ გოლი შალვა ექვთიმივილმა გაიტანა - 0:1. დაპირისპირების 36-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თამაშის წესები ერეკლე სულთანიშვილმა დაარღვია - მსაჯმა ცხინვალელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ჯარიმის შესრულება საკუთარ თავზე დაზარალებულმა აიღო, პაატა ღუდუშაურის დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. თამაშის 42-ე წუთზე კვლავ პაატა ღუდუშაური შეეცადა მეტოქის კარის აღებას, თუმცა მასპინძელთა კიპერმა ძლიერად დარტყმული ბურთის დამორჩილება შესძლო. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე ოთარ მუხულიშვილის ჩაწოდების შემდეგ ცხინვალის კარის მიმართულებით შოთა დავლაშელიძემ თავით დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. შეხვედრის 49-ე წუთზე ჩვენის კარის მიმართულებით ახლო მანძილიდან ნიკა წივწივაძემ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენის კარისკენ შორიდან თამაზ მაქაცარიამ დაარტყა - არაზუსტად. დაპირისპირების 53-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით კვლავ თამაზ მაქაცარიამ დაარტყა, ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ, ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 60-ე წუთზე თამაზ ლომსაძის დარტყმული ბურთი ჩვენს კარს მცირედით ასცდა. მასპინძლებმა ანგარიში 65-ე წუთზე გაათანაბრეს. გატანილი გოლით თავი თამაზ მაქაცარიამ გამოიჩინა - 1:1. მატჩის 68-ე წუთზე ზურა ღირდალაძის მიერ დარტყმული ბურთი ცხინვალის კარის ბადეს გარედან შეეხო. დაპირისპირების 80-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ბადრი ტეტუნაშვილი ცხინვალელთა კარში თავური დარტყმით გზავნიდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა. შეხვედრის 81-ე წუთზე მეტოქის კარის მიმართულებით გიგა გურეშიძემ დაარტყა, მასპინძელთა კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ნიკა წივწივაძემ დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით, ჯონი შეროზიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
ცხინვალი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 ექვთიმიშვილი (32’) 1:1 მაქაცარია (65’)
ცხინვალი: პროკოპენკო, ცერცვაძე, მაისურაძე, მაქაცარია, მესხი (ლომსაძე 46'), ლაცაბიძე, სულთანიშვილი (ბარაბაძე 46'), შენგელია, წივწივაძე, ლეჟავა (ჭანუყვაძე 72'), გადრანი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი (ჩიტიშვილი 83'), ჩაკვეტაძე, გურემ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, ვეკუა (გიგა გურეშიძე 58'), ექვთიმიშვილი (კაკუშაძე 71'), საჯაია, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება: სულთანიშვილი, ცერცვაძე, მაქაცარია, ლომსაძე, მაისურაძე - დავლაშელიძე, მუხულიშვილი
 
 
უკან დაბრუნება