ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია II 3:1 არაგვი

11 აგვისტო 2017
დღეს, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. მცხეთა პარკზე ვეტერინარებმა დუშეთის საფეხბურთო კლუბ არაგვს უმასპინძლეს და ანგარიშით - 3:1 იმარჯვეს.
 
დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს. მეოთხე წუთზე მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით კახა კახაბრიშვილმა დაარტყა, ბურთი დუშელთა კარის ბადეს გარედან მოხვდა. სტუმრებმა დაპირისპირების მერვე წუთზე საჯარიმო დარტყმიდან სცადეს გოლის გატანა, ჩვენი კარის მიმართულებით ლაშა ღონღაძემ დაარტყა, თუმცა მეკარე ლევან ისერგიშვილი ბუთს ადგილზე დახვდა. მატჩის მეთერთმეტე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ არაგვის კარის მიმართულებით კახა კახაბრიშვილმა დაარტყა და მცირედით ააცილა სამიზნეს. შეხვედრის 22-ე წუთზე ჩვენი კარისკენ არჩილ ბეჟუაშვილმა დაარტყა და ბურთის დამორჩილება ლევან ისერგიშვილმა ამჯერადაც მოახერხა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, სტუმართა რიგებიდან გატანილი გოლით არჩილ ბეჟუაშვილი გამოირჩა - 0:1. გაშვებული ბურთის შემდეგ ვიტ ჯორჯიელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. დაპირისპირების 28-ე წუთზე არაგვის კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტის შესრულება საკუთარ თავზე გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო, ძლიერად დაარტყა, კარისკენ მიმავალი ბურთი ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს შეეხო და საბოლოოდ კუთხურზე გადავიდა. მორიგ სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია.

მეორე ნახევრის დებიუტში, 54-ე წუთზე, ბექა გურასაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა დუშელთა კარს. აღნიშნული ეპიზოდიდან ოთხ წუთში ვასილ ქისიევმა შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში 71-ე წუთზე გაათანაბრეს, ბექა გურასაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან სოლო-რეიდი განახორციელა, ბურთი საჯარიმოში მყოფ კახა კახაბრიშვილს გადააწოდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. შეხვედრის 88-ე წუთზე ბექა გურასაშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გოლი გიორგი ვაზაგაშვილმა გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 2:1. მატჩის უკანასკნელ წუთზე დუშელმა ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ირაკლი ზარიძის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები. სტანდარტიდან კვლავ გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა, ბურთი ამჯერად ცოცხალ კედელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე კახა კახაბრიშვილმა ითამაშა, დაარტყა და გაიტანა - 3:1.
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, ქისიევი, ჩიტიშვილი, სეხნიაშვილი, კამლაძე, ვაზაგაშვილი, დემეტრაძე, ზარიძე, კახაბრიშვილი, ნაჭყებია (გურასაშვილი 46’), მუსელიანი (ამაშუკელი 46’)
 
არაგვი: ხუბულური, ვარდიაშვილი, ლომაია, ღონღაძე, დოლიძე, ბეჟუაშვილი, ფრანგიშვილი, მინჯია, ნიკოლეიშვილი, მამასახლისი, სიჭინავა
შეცვლაზე შევიდნენ: ბიბილეიშვილი, თანიაშვილი, ზვიადაური
გაფრთხილება: კამლაძე, ქისიევი -  მამასახლისი, ბეჟუაშვილი, ლომაია, მინჯია
 
უკან დაბრუნება