ვიტ ჯორჯია 1:0 მერანი [ფოტო+ვიდეო]

17 აგვისტო 2017
ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკზე გამართა. ჩვენი გუნდი მარტვილის საფეხბურთო კლუბ მერანს დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს. მეშვიდე წუთზე მარტვილელთა კარის მიმართულებით ზურაბ ღირდალაძემ დაარტყა, მერანის კიპერმა, გოგი კულუამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მეცამეტე წუთზე მერანის შეტევა რაფაელ ჩუკურას კარში არაზუსტი დარტყმით დასრულდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში რევაზ ჩიტიშვილი მარტვილელი ბენჯამინ ტეიდის დარტყმულს გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ანგარიში დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე გაიხსნა, პაატა ღუდუშაურმა მარჯვენა ფრთიდან შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, ცენტრისკენ შემოიწია, ძლიერად დაარტყა და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია - 1:0. შეხვედრის 24-ე წუთზე პაატა ღუდუშაურს კიდევ ერთხელ შეეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა მის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა სამიზნეს. დაპირისპირების 39-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ირაკლი რუხაძემ თავით დაარტყა და ააცილა. პირველი ნახევრის მიწურულს, პაატა ღუდუშაურს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლელობა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მარტვილელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, 50-ე წუთზე, ჩვენი კარის მიმართულებით რაფაელ ჩუკურამ დაარტყა და ბურთი ჩვენმა მცველებმა მოიგერიეს.  დაპირისპირების 53-ე წუთზე ლაშა ჩალაძემ დაარტყა ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ, ბურთი ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ ხელებში დააფიქსირა. მატჩის 56-ე  წუთზე ზურაბ ღირდალაძის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კარს მცირედით ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ბენჯამინ ტეიდის მიერ დარტყმული ბურთი ვეტერინართა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. ზურაბ ღირდალაძეს გოლის გატანის კიდევ ერთი შესძლებლობა 60-ე წუთზე მიეცა, თუმცა მის დარტყმულს საბოლოოდ კუთხური მოჰყვა. მატჩის 63-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ, გიორგი ვეკუას გოლის გატანა მართებდა, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მერანის კიპერმა კუთხურზე მოიგერია. ერთ წუთში სტუმრებმა საპასუხო იერიში აწარმოეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარის მიმართულებით რევაზ ბარაბაძემ თავით დაარტყა და ჯონი შეროზიამ ამჯერადაც მოახერხა ბურთის მოგერიება. შეხვედრის 65-ე წუთზე ბენჯამინ ტეიდის დარტყმული ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. დაპირისპირების 75-ე წუთზე ჯონი შეროზიამ კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან, ამჯერად მან ლაშა ჩალაძის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება შესძლო. შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე ჯონი შეროზიამ ურთულესი ბურთი მოიგერია, მან სერგეი ტრეტიაკის დარტყმული კუთხურზე გადააგდო. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 მერანი მარტვილი
გოლი: ღუდუშაური (17’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, ჩაკვეტაძე (ტეტუნაშვილი 5’), გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, კახაბრიშვილი (კამლაძე 58’), ღირდალაძე (ზარიძე 78’), ვეკუა, გიგა გურეშიძე, ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი, საჯაია
 
მერანი: კულუა, ორბელაძე, გეგია, ტეიდი, მაისაშვილი, ტრეტიაკი, ჩუკურა, მელიავა, ჩალაძე (კურდღელაშვილი 75’), რუხაძე (ბარაბაძე 71’)
 
გაფრთხილება: ღირდალაძე, კამლაძე, საჯაია - რუხაძე
 
გაძევება: მაისურაძე
 

 
უკან დაბრუნება