სიონი 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

24 აგვისტო 2017
საქართველოს ეროვნული ლიგა ორის XXIV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ბოლნისში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ სიონს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს. შეხვედრის მესამე წუთზე ბოლნისელმა ფეხბურთელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი გოჩა კვარაცხელიამ დაარტყა, ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთის მოგერიება მოახერხა. ვიტ ჯორჯიელებმა საპასუხო სახიფათო იერიში მერვე წუთზე აწარმოეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა ცენტრისკენ შეიწია, სიონის კარის მიმართულებით დაარტყა კიდეც, თუმცა სუსტად და მასპინძელთა კიპერმა, თორნიკე ზარქუამ ბურთის ხელებში დაფიქსირება მოახერხა. შეხვედრის 25-ე წუთზე ვეტერინარებმა მეტოქის კარის მიმართულებით კვლავ სახიფათოდ დაარტყეს, ამჯერად სიონის კარის აღებას გიორგი ვეკუა ცდილობდა, მის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი ბოლნისელთა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 30-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ჯაბა დვალმა დაარტყა და ბურთს ჯონი შეროზია ადგილზე დაუხვდა. თამაშის 35-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით რუსლან დემიანოსმა დაარტყა, ბურთი ჯონი შეროზიამ იოლად დაიმორჩილა. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ლაშა მანაგაძის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 50-ე წუთზე, ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, მან ამჯერად ჯაბა დვალის მიერ დარტყმული ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ლუკა ნოზაძემ დაარტყა და კარს ახლო მანძილიდან ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარისკენ გოჩა კვარაცხელიამ საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. ანგარიში დაპირისპირების 66-ე წუთზე გაიხსნა. ჯაბა დვალის მიერ დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ძელს მოხვდა, ასხლეტილ ბურთთან პირველი ალექსანდრე კოშკაძე აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0. შეხვედრის 75-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ალექსანდრე კოშკაძემ კიდევ ერთხელ დაარტყა, ამჯერად ააცილა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ბოლნისის სიონის კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტიდან მეტოქის კარისკენ კახა კახაბრიშვილმა დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაახვია - 1:1.

სიონი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 კოშკაძე (66’) 1:1 კახაბრიშვილი (90’)

სიონი: ზარქუა, გიორბელიძე, ნოზაძე, კოშკაძე, მანაგაძე (ჭეიშვილი 77’), დვალი, ჯაფარიძე, ქიქავა, თევზაძე, დემიანოსი (თომაშვილი 70’), კვარაცხელია (ჭანკოტაძე 75’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ვეკუა, გიგა გურეშიძე (დანელია 70’), ექვთიმიშვილი (დავლაშელიძე 46’), ჩიტიშვილი, კაკუშაძე (კახაბრიშვილი 52’)

გაფრთხილება: ნოზაძე - მუხულიშვილი, ღუდუშაური, კახაბრიშვილი
 
 
უკან დაბრუნება