U19 ლიგა. ვიტ ჯორჯია 0:0 რუსთავი

29 აგვისტო 2017
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე რუსთავს უმასპინძლეს. მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს, მეთერთმეტე წუთზე რუსთავის კარის მიმართულებით გიორგი თაგვაშვილმა დაარტა, თუმცა მის დარტყმას სიძლიერე დააკლდა და სტუმართა კიპერს ბურთის დამორჩილება არ გასჭირვებია. დაპირისპირების 22-ე წუთზე სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა - გიორგი შეროზიამ მეტოქის საჯარიმოსთან ჩასაფრებული ზურაბ მუსელიანი შენიშნა, დიაგონალური გადაცემა გააკეთა, რუსთაველთა კიპერმა, კარი დატოვა და ბურთზე თამაში დააპირა, თუმცა ვიტ ჯორჯიელთა შემტევმა მეკარეს დაასწრო, თავით დაარტყა კარისკენ და რომ არა ხარიხა, გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის 35-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ზურაბ ბექაურმა დაარტყა და ახლო მანძილიდან ააცილა. შეხვედრის 37-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან იხსნა, მან ნიკოლოზ ეგაძის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, ბექა გურასაშვილის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ჰქონდა ზურაბ მუსელიანს, თუმცა მისი დარტყმული რუსთაველთა მცველმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს. შეხვედრის 55-ე წუთზე რუსთაველთა მრავალცვლიანი კომბინაცია ერეკლე არევაძის კარში დარტყმით დასრულდა, ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან კვლავ ნიკა ქავთარაძემ იხსნა, რომელმაც ბურთის მოგერიება მოახერხა. მატჩის 60-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ რუსთაველთა კარისკენ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 65-ე წუთზე სტუმრები გაშვებული გოლისგან კარის ძელმა იხსნა, ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ ჩადუნელმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა და ბურთი ძელმა აისხლიტა. შეხვედრის 70-ე წუთზე რუსთაველმა ფეხბურთელებმა კედელი გაითამაშეს და კარისკენ ნიკოლოზ ეგაძემ დაარტყა, ბურთი კარის ხარიხას მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა. მატჩის უკანასკნელ წუთზე გიორგი თაგვაშვილმა კარისკენ დაარტყა, სტუმრებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დათო მოგელაძეს მიუვიდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა, ბურთი კარს ააცილა და შეხვედრას დასრულდა.
 
U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 0:0 რუსთავი
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, მჭედლიშვილი, ჭუმბურიძე, ამაშუკელი, შეროზია, მოგელაძე, პავლიაშვილი (ბერძნიშვილი 46’) (ხულორდავა 72’), ნაჭყებია, თაგვაშვილი, გურასაშვილი (ჩადუნელი 62’), მუსელიანი
 
რუსთავი: ბაქრაძე, დიმიტრიშვილი, სამადაშვილი, გალუსტოვი, გელაშვილი, ბახტაძე, ბიბილაშვილი (მუმლაძე 89’), არევაძე (ნაჭყებია 81’), ეგაძე, ბექაური (ლაბაძე 57’), მირცხულავა
 
გაფრთხილება: მოგელაძე, ბერძნიშვილი - ბიბილაშვილი, ბექაური
უკან დაბრუნება