რეგიონული ლიგა. საქართველოს უნივერსიტეტი 0:1 ვიტ ჯორჯია II

03 სექტემბერი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის XXII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა სტუმრად გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდნენ, მეტოქე მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში - 1:0 დაამარცხეს.

მეორე წუთზე ირაკლი ზარიძემ საქართველოს უნივერსიტეტის მცველების შეცდომით ისარგებლა, მოწინააღმდეგე გუნდის კიპერთან პირისპირ გავიდა, საჯარიმოში შესულს კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წამოეპარა და იგი კონტაქტის შედეგად წაიქცა, თუმცა თამაში გაგრძელდა, ვინაიდან არბიტრის გადაწყვეტილებით თამაშის წესების დარღვევა ადგილი არ ჰქონია. შეხვედრის მეხუთე წუთზე მასპინძელთა კარისკენ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა, საქართველოს უნირვესიტეტის კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია და წინ დაუვარდა, დამატებაზე გოლის გატანა ზურაბ მუსელიანს შეეძლო თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. მატჩის მეთხუთმეტე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში ბექა გურასაშვილმა ჩააწოდა, მცველებს ირკალი ზარიძემ დაასწრო, ბურთი კარისკენაც გაგზავნა, თუმცა მცირედით ააცილა. დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე საქართველოს უნირვესიტეტის ფეხბურთელებმა სახიფათო იერიში აწარმოეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარის მიმართულებით რევაზ მაჭავარიანმა დაარტყა და ააცილა. ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტი დაინიშნა, საიდანაც მეკარის ბაქანთან ბურთი დავით დემეტრაძემ ჩააწოდა, საქართველოს უნივერსიტეტის მცველმა, სამება ბულაურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ვიტ ჯორჯიელები დაწინაურდნენ - 1:0. გოლიდან ორ წუთში ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა ბექა გურასაშვილს მიეცა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში, ჩამოიტოვა რამდენიმე მეურვე, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. შეხვედრის 31-ე წუთზე ირაკლი ზარიძის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ხაზზე დაეცა - მოწინააღმდე გაშვებულ გოლს გადაურჩა, მათ აღნიშნული შეტევის მოგერიება მოახერხეს. დაპირისპირების 40-ე წუთზე ზურაბ მუსელიანი საქართველოს უნირვესიტეტის კიპერთან პირისპირ დარჩა, ვიტ ჯორჯიელთა შემტევმა მეკარე მოატყუა, კარშიც დაარტყა, თუმცა მცველმა ბურთის მოგერიება მოახერხა.

შეხვედრის 59-ე წუთზე მამია ტაბეშაძემ ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან იხსნა, მან გიორგი კოკაიას დარტყმული ბურთი მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენი კიპერი საჯარიმოს გარეთ დაჯარიმდა, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ხელსაყრელი პოზიციიდან დანიშნული სტანდარტი რევაზ მაჭავარიანმა შეასრულა,  ჩვენი კარის მიმართულებით წამოსული ბურთი კვლავ მამია ტაბეშაძემ მოიგერია. დაპირისპირების 75-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან კარისკენ ამჯერად გიორგი კოკაიამ დაარტყა. მამია ტაბეშაძემ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა და ბურთი ხელებში დააფიქსირა. შეხვედრის 78-ე წუთზე საქართველოს უნივერსიტეტი გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა, ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ ირაკლი ზარიძემ დაარტყა და ბურთი საქართველოს უნივერსიტეტის კიპერმა მოიგერია. შეხვედრის 82-ე წუთზე მამია ტაბეშაძეს შეხვედრის არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მას მოედნის დატოვება მოუწია. ამ დროისთვის ვიტ ჯორჯიელთა მთავარ მწვრთნელს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა და კარში ირაკლი კამლაძე დადგა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეს კიდევ ერთხელ შეუტიეს სახიფათოდ, ამჯერად მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ გიორგი შეროზიას დარტყმული ბურთი მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთ კართან შექმნილა.
 
საქართველოს უნივერსიტეტი 0:1 ვიტ ჯორჯია II
გოლი: 0:1 ბულაური (ავტოგოლი 20’)
 
საქართველოს უნივერსიტეტი: თეზელაშვილი, მელოიანი, პაპიძე, ბულაური, კოკაია, გაფრინდაშვილი, ჭოხონელიძე, შადური (აბულაძე 46’), ელიაშვილი (ჯიმუხაძე 46’), ბურნაძე, მაჭავარიანი

ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, ქისიევი, სეხნიაშვილი, ამაშუკელი, დემეტრაძე, დანელია, გურასაშვილი (შეროზია 46’), თაგვაშვილი (ნაჭყებია 64’), კამლაძე, ზარიძე, მუსელიანი (ხუციანიძე 79’)
 
გაფრთხილება: ელიაშვილი, ბურნაძე - კამლაძე, ქისიევი, ტაბეშაძე, ზარიძე, ხუციანიძე
გაძევება: ტაბეშაძე
უკან დაბრუნება