ვიტ ჯორჯია 2:1 მეშახტე [ფოტო+ვიდეო]

08 სექტემბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XXV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ არენაზე გამართა. მცხეთა პარკზე ჩვენმა გუნდმა ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

დაპირისპირების მეხუთე წუთზე გურამ გურეშიძის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა პაატა ღუდუშაურს, თუმცა მან ხეირიანად ბურთის დამუშავება და კარში დარტყმა ვერ მოახერხა, საბოლოდ შეტევა გაგრძელდა, ბურთი გიორგი ვაზაგაშვილს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა. მატჩის მეცხრე წუთზე სტუმრებმა სახიფათოდ შეუტიეს ჩვენს კარს. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ტყიბულელთა კაპიტანმა, გიორგი ყურულაშვილმა თავით დაარტყა და ააცილა. შეხვედრის მეთორმეტე წუთზე გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდა პაატა ღუდუშაურს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით დარტყმა გადაწყვიტა, საბოლოოდ კი ბურთი მეკარემ კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში შორი მანძილიდან მეშახტის კარის მიმართულებით გურამ გურეშიძემ დაარტყა და ააცილა. თამაშის 23–ე წუთზე კახა კახაბრიშვილის გადაცემის შემდეგ მეშახტეთა კარისკენ კვლავ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ამჯერადაც არაზუსტად. შეხვედრის 28–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ოთარ მუხულიშვილმა დაარტყა და ააცილა. ანგარიში 29–ე წუთზე გაიხსნა, ტყიბულელი ფეხბურთელები ნიკო კასხვაძის გოლით დაწინაურდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, 35–ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მოწინააღმდე გუნდის მეკარემ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა კახა კახაბრიშვილის, რომლის დარტყმულ ბურთსაც მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს, 44–ე წუთზე ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს. პაატა ღუდუშაურმა მარცხენა ფრთაზე ბურთი დათო საჯაიას გადააწოდა, რომელმაც გადაცემა ზურაბ ღირდალაძეზე გააკეთა, ამ უკანასკნელმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში, 49–ე წუთზე, სტუმართა კარის მიმართულებით შორი მანძილიდან პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. ერთ წუთში ტყიბულელმა ფეხბურთელებმა საპასუხო იერიში აწარმოეს, დამასრულებელ ფაზაში ჩვენი კარისკენ გიორგი ტყეშელაშვილმა დაარტყა და ააცილა. მეშახტე გაშვებული გოლისგან 57–ე წუთზე კარის ძელმა იხსნა, პაატა ღუდუშაურის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ჯერ ცოცხალ კედელში მყოფ ფეხბურთელს მოხვდა, შემდეგ კი კარის ჩარჩოს, დამატებაზე გოლის გატანას ალეკო ჩაკვეტაძე შეეცადა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ სტუმრებმა იერიშის მოგერიება მოახერხეს. ჩვენი კარის მიმართულებით 65–ე წუთზე კვლავ გიორგი ტყეშელაშვილმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 67–ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ძლიერად დაარტყა სტუმართა კარისკენ, ბურთი კიპერმა კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან საჯარიმოში თავადვე ჩააწოდა, სადაც ბურთს პაატა ღუდუშაური დაუხვდა, თავით დაარტყა და გაიტანა – 2:1. ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშში სხვაობის გაზრდის სესაძლებლობა 72–ე წუთზე მიეცათ, ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ ტყიბულელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია და ხიფათიც განიმუხტა. მატჩის 82–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლევან ყიფიანმა დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დახვდა და ხელებში დაფიქსირება მოახერხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კახა კახაბრიშვილის შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
 
ვიტ ჯორჯია 2:1 მეშახტე
გოლები: 0:1 კვასხვაძე (29’) 1:1 ღირდალაძე (44’) 2:1 ღუდუშაური (68’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ვაზაგაშვილი (ექვთიმიშვილი 58’), კახაბრიშვილი, ღირდალაძე, ვეკუა (დავლაშელიძე 78’), ჩიტიშვილი (ტეტუნაშვილი 46’), საჯაია
 
მეშახტე: ხაინდრავა, ჭანკვეტაძე, ხარაბაძე, ყურულაშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ყიფიანი, ცაგარეიშვილი, ენდელაძე (ბანძელაძე 69’), მჭედლიშვილი (ჭოხონელიძე 69’), კვასხვაძე, ჭრელაშვილი (ქართველიშვილი 46’)
 
გაფრთხილება: მუხულიშვილი
 
უკან დაბრუნება