რეგიონული ლიგა. ვიტ ჯორჯია II 1:0 ლოკომოტივი II [ფოტო+ვიდეო]

11 სექტემბერი 2017
დღეს, რეგიონული ლიგის გ ჯგუფის XIII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მცხეთა პარკზე გამართა. ჩვენი გუნდი თბილისის ლოკომოტივის მეორე გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

პირველი სახიფათო შეტევა ვიტ ჯორჯიელებმა აწარმოეს. მეცამეტე წუთზე გოგა დანელიას ჩაწოდების შემდეგ კარისკენ ბურთის გაგზავნა ირაკლი ზარიძემ თავით სცადა, თუმცა მან ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და ბურთი გიორგი შეროზიას მიუვიდა, რომელმაც სტუმართა კარს ახლო მანძილიდან ააცილა. ანგარიში შეხვედრის 31–ე წუთზე გაიხსნა, გოგა დანელიას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ლოკომიტივის კარი ირაკლი ზარიძემ დალაშქრა – 1:0. ჩვენი კარის მიმართულებით მატჩის 35–ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სტანდარტიდან კარისკენ ირაკლი ბუღრიძემ დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 54–ე წუთზე, ჩვენი კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტიდან კარისკენ დემურ კანდელაკმა დაარტყა, ცხრიანში წასული ბურთი ჩვენი გუნდის კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ კუთხურზე მოიგერია. ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშში სხვაობის გაზრდა დაპირისპირების 56–ე წუთზე შეეძლოთ. კუთხურიდან ლოკომოტივის საჯარიმოში გიგა გურეშიძემ ჩააწოდა, დასწრებაზე კარგად ითამაშა ირაკლი კამლაძემ, რომელმაც კარში თავით დაარტყა და რომ არა მცველი, გოლი გარდაუვალი იყო. ჩვენი კარის მიმართულებით მატჩის 60–ე წუთზე სანდრო შეწირულმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 62–ე წუთზე ირაკლი ზარიძეს დუბლის შესრულება შეეძლო, რომელმაც კარიდან გამოსულ მეკარეს დაასწრო, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი კარს ზემოდან გადასცდა. სტუმრებმა ჩვენი კარის მიმართულებით კიდევ ერთი სახიფათო იერიში 71–ე წუთზე აწარმოეს, დამასრულებელ ფაზაში კარისკენ ლევან გრძელიძემ დაარტყა და ნიკა ქავთარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 85–ე წუთზე დიმიტრი ხუციანიძის გადაცემის შემდეგ ლოკომოტივის კარისკენ ირაკლი ზარიძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. მატჩის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარისკენ ლაშა ოზბეთელაშვილმა შორი მანძილიდან საკმაოდ არაზუსტად დაარტყა.
 
ვიტ ჯორჯია II 1:0 ლოკომოტივი II
გოლი:
ზარიძე (31’)

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ქისიევი, სეხნიაშვილი, ამაშუკელი, დანელია, დემეტრაძე, შეროზია, კამლაძე, ზარიძე, გიგა გურეშიძე (ნაჭყებია 81’), გურასაშვილი (ხუციანიძე 72’)

ლოკომოტივი II: შეროზია, დუმბაძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ქებაძე, ლურსმანაშვილი, ჯანაშია (კანდელაკი 46’), კიკნაძე (ოზბეთელაშვილი 63’), გრძელიძე, ბუღრიძე (წულეისკირი 86’), შეწირული

გაფრთხილება: დანელია – დუმბაძე, კანდელაკი

 
უკან დაბრუნება