ვიტ ჯორჯია 0:2 რუსთავი [ფოტო+ვიდეო]

17 სექტემბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XXVI ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ რუსთავს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 0:2 დამარცხდა.

პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, შეხვედრის მესამე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დათა სიჭინავამ დაარტყა და ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის სახიფათო იერიშს მეშვიდე წუთზე უპასუხეს, დამასრულებელ ფაზაში სტუმართა კარისკენ შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა. ანგარიში შეხვედრის მეათე წუთზე გაიხსნა, ჩვენი კარისკენ ირაკლი გოგინაშვილმა დაარტყა, ჯონი შეროზიამ ნახტომში მოიგერია ბურთი, თუმცა ხელებში დაფიქსირება ვერ მოახერხა და წინ დაუვარდა, დამატებაზე კი ზვიად მეტრეველმა დაარტყა და გაიტანა – 0:1. დაპირისპირების მეოცე წუთზე, ზვიად მეტრეველმა კიდევ ერთხელ დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით, ამჯერად მისი თავური საკმაო მანძილით ასცდა სამიზნეს. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში რუსთაველთა კარის მიმართულებით ოთარ მუხულიშვილმა შორი დისტანციიდან დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 27–ე წუთე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში სტანდარტიდან ზურაბ ღირდალაძემ ჩააწოდა, შეტევის დამასრულებელ ფაზაში ბურთი ალეკო ჩაკვეტაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ხეირიანად დარტყმა და მცირედით ააცილა კარს. პირველი ტაიმის მიწურულს, 44–ე წუთზე ჩვენი კარისკენ დათა სიჭინავამ დაარტყა და ააცილა.

მეორე ნახევარი ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. შეხვედრის 48–ე წუთზე ზურაბ ღირდალაძეს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს – აღნიშნულ ეპიზოდში სტუმართა კიპერი სტატისტის როლში მოგვევლინა. მატჩის 56–ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ კიდევ ერთხელ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, ამჯერად მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. დაპირისპირების 61–ე წუთზე დათო საჯაის ჩაწოდების შემდეგ კახა კახაბრიშვილი თავური დარტყმით ეცადა ანგარიშში თანაფარდობის აღდგენას, თუმცა სიზუსტე დააკლდა. შეხვედრის საფინალო რეზულტატი 86–ე წუთზე დათა სიჭინავამ დააფიქსირა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან ზუსტად დაარტყა – 0:2.

ვიტ ჯორჯია 0:2 რუსთავი
გოლები: 0:1 მეტრეველი (10’) 0:2 სიჭინავა (86’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი (ვეკუა 66'), ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური (კაკუშაძე 44'), კახაბრიშვილი (ვაზაგაშვილი 75'), ღირდალაძე, ექვთიმიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
რუსთავი: ალავიძე, სამხარაძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სიჭინავა, მეტრეველი, გუჯაბიძე, კილაძე, გოგინაშვილი (ლობჯანიძე 77'), ციცქიშვილი (ქათამაძე 59'), კირკიტაძე (მინდორაშვილი 55')
 
გაფრთხილება: ტეტუნაშვილი, დავლაშელიძე – მეტრეველი, ქათამაძე, ალავიძე
 
 
 
უკან დაბრუნება