U19 ლიგა. ვიტ ჯორჯია 2:0 რუსთავი

19 სექტემბერი 2017
საქართველო 19–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე რუსთავს უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს, მეჩვიდმეტე წუთზე ლევან პავლიაშვილის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარის აღება ბექა გურასაშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. დაპირისპირების 21–ე წუთზე ჩვენი კარისკენ ახლო მანძილიდან ანზორ გელაშვილმა დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა. მატჩის 42–ე წუთზე ბექა გურასაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მან მეკარისაგან დაუცველ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კარს. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვეტერინარებმა ანგარიში გახსნეს. გიორგი თაგვაშვილის ჩაწოდების შემდეგ გოლი ლევან პავლიაშვილმა გაიტანა – 1:0.

შეხვედრის 71–ე წუთზე ჩვენის კარის მიმართულებით გიორგი კობაძემ დაარტყა, მამია ტაბეშაძეს ბურთის ნახტომში მოგერიება მოუხდა. დაპირისპირების 79–ე წუთზე რუსთაველთა შეტევა გიორგი ბიბილაშვილის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მატჩის 80–ე წუთზე ბექა გურასაშვილმა სოლო–რეიდი განახორციელა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, ბურთი თანაგუნდელ ზვიად ნაჭყებიას გადააწოდა, რომელმაც დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. საფინალო რეზულტატი 83–ე წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელთა სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმიდან მეკარის ბაქანთან ახლოს გიორგი თაგვაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ბრძოლა გიორგი ამაშუკელმა მოიგო, თავით დაარტყა და ბურთი მეტოქის კარში გაახვია – 2:0. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მამია ტაბეშაძეს კიდევ ერთხელ მოუხდა ჩვენი გუნდის კარის გადარჩენა, მან ამჯერად გიორგი ბალარჯიშვილის დარტყმული მოიგერია.
 
U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:0 რუსთავი
გოლები: 1:0 პავლიაშვილი (45’) 2:0 ამაშუკელი (83’)

ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, ცეცხლაძე (მუშკუდიანი 85'), ამაშუკელი, წოწერია, მჭედლიშვილი, მოგელაძე, ნაჭყებია, ბერძნიშვილი (ასიტაშვილი 69'), თაგვაშვილი, გურასაშვილი, პავლიაშვილი (მეტრეველი 75')
 
რუსთავი: ბაქრაძე, დარბაიძე, ბექაური (გოგოლაძე 77'), გელაშვილი, დიმიტრიშვილი, მირცხულავა, ეგაძე (ბალარჯიშვილი 46'), გალუსტოვი, ბიბილაშვილი, არევაძე (ლაბაძე 62'), კობაძე
 
გაფრთხილება: მჭედლიშვილი
 
უკან დაბრუნება