გურია 0:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

23 სექტემბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XXVII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ლანჩხუთში, ევგრაფი შევრდნაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ გურიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

თამაშის მეცამეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან ლევან შარიქაძემ ძლიერად გაისროლა, თუმცა ბურთი კარს საკმაო მანძილით ააცილა. დაპირისპირების მეტხუთმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით თავისუფალი დარტყმა დაინიშნა, ლევან შარიქაძემ ბურთი გიორგი არქანიას დაუგორა, რომელმაც კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთს ვეტერინართა მცველები გადაეღობნენ და ეპიზოდიც განიმუხტა. დაპირისპირების 22–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მრავალცვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში ლანჩხუთელთა კარისკენ შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა და მცირედით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენი კარისკენ შორი დისტანციდან ვაგნერ და სილვამ დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა. შეხვედრის 36–ე წუთზე მასპინძლებმა მარცხენა ფლანგიდან სახიფათო შეტევა აწარმოეს, ბექა ბაკურაძემ ბურთი საჯარიმოში მყოფ ვაგნერ და სილვას ჩაუწოდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ჩვენი კარის ხარიხას გაარტყა, ასხლეტილი ბურთი ვიტ ჯორჯიელებმა მოიპოვეს, მარცხენა ფრთიდან სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ბექა კაკუშაძემ ბურთი ზურაბ ღირდალაძეს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და გაიტანა – 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 42–ე წუთზე ჩვენი კარისკენ შორი მანძილიდან ბექა ბაკურაძემ საკმაოდ არაზუსტად გაისროლა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 47–ე წუთზე, ჯონი შეროზიამ ბურთი ზურაბ ღირდალაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა გადაცემა ბექა კაკუშაძეზე გააკეთა, რომლის დარტყმული ბურთიც ლანჩხუთელთა კიპერმა, ანდრეი პოლტავცევმა ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 50–ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, მან ემანუელ იაგრის დარტყმული ბურთის ხელებში დაფიქსირება შესძლო. მასპინძლებმა კიდევ ერთი სახიფათო იერიში 62–ე წუთზე აწარმოეს. ვიტ ჯორჯიელთა საჯრიმოში ჩაკიდებულ ბურთზე თავით ემანუელ იაგრიმ ითამაშა და ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო. ჯონი შეროზიას ჩვენი კარის გადარჩენა კიდევ ერთხელ 70–ე წუთზე მოუხდა, ამჯერად მან გიორგი არქანიას დარტყმული ბურთი მოიგერია. თამაშის 87–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა მასპინძელთა მცველმა, პაოლო მონდომ აკრძალული ხერხით შეაჩერა კახა კახაბრიშვილი, მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა და საჯარიმო დარტყმა დანიშნა, ჩვენმა ფეხბურთელებმა სტანდარტი გაითამაშეს და ამჯერად კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, თუმცა ამ სტანდარტს ხიფათი აღარ მოჰყოლია. დარჩენილ დროში ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
გურია 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი: ღირდალაძე (37’)
გურია: პოლტავცევი, იაგრი, მონდო (ბერიძე 90’), კოტრიკაძე, შენგელია, არქანია (დუდუჩავა 77’), ჭანტურიძე, მოსიძე, შარიქაძე, ბაკურაძე, და სილვა (ნარიაშვილი 56’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, ვაზაგაშვილი, ღირდალაძე (კახაბრიშვილი 75’), ვეკუა (კამლაძე 71’), ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (დანელია 60’), საჯაია
 
გაფრთხილება: იაგრი, მონდო – შეროზია
უკან დაბრუნება