U19 ლიგა. გაგრა 1:1 ვიტ ჯორჯია

25 სექტემბერი 2017
საქართველოს 19–წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში გაგრას დაუპირისპირდა. თამაში ფრედ – 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მეხუთე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარს მწვავედ შეუტიეს, დამასრულებელ ფაზაში გაგრელთა კარისკენ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა და მცირედით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარის გადარჩენა ალეკო ცეცხლაძეს მოუხდა, რომელმაც ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე ჩვენი კარისკენ ნიკოლოზ ჭანიაშვილმა დაარტყა და ბურთი მამია ტაბეშაძემ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ჩვენი კარისკენ, მამია ტაბეშაძემ ამჯერად გიორგი გაჩეჩილაძის დარტყმულ ბურთზე ითამაშა და კუთხურზე მოიგერია. მატჩის 40–ე წუთზე გიორგი ბერძენიშვილის დარტყმულის შემდეგ, ბურთი ჩვენი კარის ძელმა მოიგერია. ერთ წუთში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, გატანილი გოლით თავი თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა – 1:0.

თამაშის 65–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეს მწვავედ შეუტიეს, გოგა ხულორდავას გადაცემის შემდეგ კარში ზურაბ მუსელიანმა დაარტყა და საბოლოოდ ვეტერინარებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა სტანდარტს გაითამაშეს, საჯარიმოში ბურთით შესული ბექა გურასაშვილის წინააღმდეგ მასპინძლებმა თამაშის წესები დაარღვიეს და მსაჯმა მყისვე პენალტის ნიშნულისაკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანიდან გოლი ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა – 1:1. დაპირისპირების 75–ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა გაგრელთა კარის მიმართულებით, სტანდარტიდან ირაკლი ზარიძემ დაარტყა და საკმაო მანძილით ააცილა კარს. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
U19 ლიგა
გაგრა 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 ახვლედიანი (40’) 1:1 ნაჭყებია (პენ. 65’)
 
გაგრა: ისიანი, ჭანიაშვილი, ჭანტურია, რუხაძე, გამცემლიძე, ბერძენიშვილი (ბერიძე 49’), ცირდავა, ახვლედიანი, რობაქიძე, ხინჩიაშვილი (ლეშკაშელი 70’), გაჩეჩილაძე
ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, ცეცხლაძე, ამაშუკელი, წოწერია (მუშკუდიანი 75’), გურასაშვილი, ნაჭყებია, მოგელაძე, პავლიაშვილი (ხულორდავა 47’), თაგვაშვილი, ზარიძე, მუსელიანი
 
გაფრთხილება: ჭანტურია, ისიანი, ცირდავა – თაგვაშვილი, ამაშუკელი
უკან დაბრუნება