სამგურალი 0:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

28 სექტემბერი 2017
ეროვნული ლიგა ორის XVIII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე–დაძაბულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს, ჩვენი კარისკენ დარტყმა დემურ ჩიხლაძემ დააპირა, თუმცა ირაკლი კამლაძისა და ალეკო ჩაკვეტაძის თავგანწირული თამაშის შედეგად, ვეტერინარებმა ბურთისა და შეტევის მოგერიება მოახერხეს. ანგარიში დაპირისპირების მეათე წუთზე გაიხსნა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სამგურალის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა ოთარ მუხულიშვილმა შეასრულა, ბურთთან პირველი ჩვენი გუნდის ფორვარდი, ზურაბ ღირდალაძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა – 1:0. მატჩის მეთორმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით კვლავ დემურ ჩიხლაძემ დაარტყა, კარისკენ წასული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, დამატებაზე კი ზაურ გოგუაძემ დაარტყა და ვეტერინართა კიპერმა, ჯონი შეროზიამ ნახტომში ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. თამაშის 22–ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისაგან კვლავ ჯონი შეროზიამ იხსნა, ამჯერად მან ნიკა შალამბერიძის დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 30–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სამკმაოდ სახიფათო იერიში აწარმოეს, გიგა გურეშიძის გადაცემის შემდეგ ბექა კაკუშაძემ სამგურალის კარის მიმართულებით დარტყმა გადაწყვიტა და საშუალო დისტანციიდან კარს ააცილა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 57–ე წუთზე, გიგა გურეშიძემ შეტევაში ჩართულ გურამ გურეშიძეს დაუგორა ბურთი, რომელმაც წყალტუბოელთა კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შედეგად კარისკენ წავიდა და საბოლოოდ იერიში მასპინძელთა მცველმა მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარში ბურთის შეგორება მოახერხეს. ბექა კაკუშაძის დარტყმის შემდეგ ბურთი სამგურალის კიპერმა, ალექსანდრე ნუცუბიძემ უხერხულად მოიგერია და წინ დაუვარდა, დამატებაზე გოლი დათო საჯაიამ გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. თამაშის 67–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კვლავ გაიტანეს, ოთარ მუხულიშვილის ჩაწოდების შემდეგ ზურაბ ღირდალაძემ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში, თუმცა თანამსაჯმა ამჯერადაც თამაშგარე დააფიქსირა. შეხვედრის 85–ე წუთზე წყალტუბოელმა ფეხბხურთელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ბექა ბიბილაშვილმა დაარტყა, თუმცა ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ დარტყმულის მოგერიება მოახერხა. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა.
 
სამგურალი 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი: ღირდალაძე (10’)

სამგურალი: ნუცუბიძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჩხეტიანი (ციცხვაია 68'), ბრეგვაძე, ბანძელაძე, ჩიხლაძე, გოგუაძე, ჯიმშელეიშვილი (ფანცხავა 46'), შალამბერიძე, ენდელაძე
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კამლაძე, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, გიგა გურეშიძე (ვეკუა 60'), ექვთიმიშვილი, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (კახაბრიშვილი 80'), საჯაია, დავლაშელიძე (გურამ გურეშიძე 55')
 
გაფრთხილება: ბრეგვაძე – ვეკუა
 
უკან დაბრუნება