რეგიონული ლიგა. ვიტ ჯორჯია II 5:0 35-ე სკოლა

28 სექტემბერი 2017
დღეს, რეგიონული ლიგის გ ჯგუფის XV ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე 35–ე სკოლის საფეხბურთო გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:0 დაამარცხეს.

შეხვედრა ვიტ ჯორჯიელების ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით დაიწყო და უკანასკნელ წუთამდე ასეც წარიმართა. პირველი სახიფათო იერიში ჩვენმა ფეხბურთელებმა შექმნეს, მეორე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის კარის მიმართულებით გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა, მეტოქე გუნდის კიპერმა ბურთი განმეორებითი მცდელობით დაიმორჩილა. ანგარიში შეხვედრის მეთორმეტე წუთზე გაიხსნა. 35–ე სკოლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თავით ზურაბ მუსელიანმ ითამაშა, მიმართულება შეუცვალა და საბოლოოდ კარის ძელთან ახლოს მყოფ გიორგი ამაშუკელს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გაიტანა – 1:0. თამაშის მეჩვიდმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან ნიკა შიოლაშვილმა დაარტყა და ვეტერინართა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 23–ე წუთზე გიორგი ამაშუკელის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის კიპერთან პირისპირ დარჩა ზურაბ მუსელიანი, რომელმაც ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა – საბოლოოდ ბურთი მეკარეს დარჩა. შეხვედრის 30–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარს კვლავ მწვავედ შეუტიეს, ზურაბ მუსელიანმა ბურთი გიორგი ვაზაგაშვილს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ირაკლი ზარიძეს გადააწოდა, რომელის დარტყმულიც 35–ე სკოლის კიპერმა კუთხურზე მოიგერია. სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ირაკლი ზარიძემ ითამაშა, თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0. გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლელობა 33–ე წუთზე ზურაბ მუსელიანს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს საკმაო მანძილით ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში გოგა დანელიას გადაცემის შემდეგ სტუმართა კარისკენ დავით დემეტრაძემ დაარტყა და ააცილა. თამაშის 39–ე წუთზე გიორგი შეროზიას ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა ზურაბ მუსელიანმა, კარისკენ დაარტყა და გაიტანა – 3:0. ერთ წუთში მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მარჯვენა ფლანგიდან მას კვლავ გიორგი შეროზიამ ჩაუწოდა, თუმცა ზურაბ მუსელიანის თავური ამჯერად არაზუსტი გამოდგა.

თამაშის 55–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან გიორგი შეროზიამ ჩააწოდა, სადაც თავით ითამაშა ირაკლი ზარიძემ, დაარტყა კიდეც და რომ არა ხარიხა, გოლი გარდაუვალი იყო. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში გოლის გატანა შეეძლო დიმიტრი ხუციანიძეს, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის 60–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი თაგვაშვილმა ჩააწოდა, მეორე სართულზე კარგად ითამაშა ზურაბ სეხნიაშვილმა, თავით კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 65–ე წუთზე გიორგი თაგვაშვილს შეეძლო მეტოქის კარის აღება, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და საბოლოოდ მეკარემ მოიგერია. ჩვენმა ფეხბურთელებმა მორიგი გოლი 80–ე წუთზე გაიტანეს, გოგა ხულორდავას დარტყმული ბურთი 35–ე სკოლის მეკარემ უხერხულად მოიგერია, წინ დაუვარდა, დამატებაზე კი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა – 4:0. საფინალო ანგარიში შეხვედრის 82–ე წუთზე დაფიქსირდა, ირაკლი ზარიძემ მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით აიღო – 5:0.
 
ვიტ ჯორჯია II 5:0 35–ე სკოლა
გოლები: 1:0 ამაშუკელი (12’) 2:0 ზარიძე (31’) 3:0 მუსელიანი (39’) 4:0 მუსელიანი (80’) 5:0 ზარიძე (82’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, დანელია (გურასაშვილი 79’), ვაზაგაშვილი (თაგვაშვილი 46’), შეროზია, დემეტრაძე, ხუციანიძე (ხულორდავა 59’), ზარიძე, მუსელიანი
 
35–ე სკოლა: კუზანაშვილი (გოგოლაძე 46’), სამუშია, თოდუა, წილოსანი, შიოლაშვილი, ბეგაშვილი, ყუფარაშვილი, ჯაში, დავლაძე, შილაკაძე, ენუქიძე
გაფრთხილება: სამუშია
უკან დაბრუნება