რეგიონული ლიგა. ლიახვი აჩაბეთი 0:0 ვიტ ჯორჯია II

02 ოქტომბერი 2017
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში აჩაბეთის ლიახვს დაუპირისპირდნენ. თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

დაპირისპირების მეხუთე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მეტოქის საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე გიორგი ამაშუკელმა ითამაშა, თუმცა მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. თამაშის მერვე წუთზე დიმიტრი ხუციანიძემ სოლო–რეიდი განახორციელა, ბურთი ზურაბ მუსელიანს გადააწოდა, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ ზვიად ნაჭყებიას მისცა დარტყმის შესრულების საშუალება, თუმცა ამ უკანასკნელს მცველმა დაუფარა და ეპიზოდიც განიმუხტა. მატჩის მეთექვსმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, ვასილ ქისიევმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და გიორგი ამაშუკელს მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა. მასპინძლების ერთ–ერთი უიშვიათაგანესი შეტევა 25–ე წუთზე ჯარიმით დასრულდა, სტანდარტიდან ვეტერინართა მეკარის ბაქანთან ჩაწოდდა ბურთი, კარისკენ ახლო მანძილიდან გიორგი მიქელაძემ დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების  35–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით შორი მანძილიდან ლაშა ნამორაძემ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, გიორგი ვაზაგაშვილის აწოდების შემდეგ, ლიახვის კარის მიმართულებით ვასილ ქისიევმა თავით დაარტყა და კვლავ ააცილა.

შეხვედრის მესამოცე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა მასპინძელთა კარის მიმართულებით და ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე დაეუფლა. მატჩის 66–ე წუთზე გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა გიორგი თაგვაშვილს, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. დაპირისპირების 70–ე წუთზე გიორგი მიქელაძემ ჩვენი კარისკენ ძლიერად დაარტყა და ააცილა. თამაშის 71–ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან საჯარიმოში გიორგი ვაზგაშვილმა ჩააწოდა, ბუთი გიორგი ამაშუკელს მიუვიდა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მოახერხა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ბექა გურასაშვილის გადაცემის შემდეგ ლიახვის კარისკენ გიორგი თაგვაშვილმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ზურაბ მუსელიანმა ბურთი ვასილ ქისიევს დაუტოვა, რომელმაც კარისკენ დაარტყა, თუმცა მეკარემ დარტყმულის მოგერიება მოახერხა.
 
ლიახვი 0:0 ვიტ ჯორჯია II
 
ლიახვი: ჯულუხაძე, მიქელაძე, გელიაშვილი, ჭიჭინაძე, ნამორაძე (ჩადუნელი 77’), მჭედლიშვილი (ჯუმუტია 88’), გიუხაშვილი, გუჯაბიძე, ქოჩიშვილი, მოისწრაფიშვილი (კვარაცხელია 71’), პიტიურიშვილი

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ვაზაგაშვილი, დემეტრაძე, შეროზია, დანელია, ხუციანიძე (თაგვაშვილი 62’), ნაჭყებია (გურასაშვილი 46’), მუსელიანი

გაფრთხილება: ნამორაძე
უკან დაბრუნება