საქართველო U20 1:4 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

06 ოქტომბერი 2017
ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე პაუზაა, ვიტ ჯორჯიელები კი აქტიურად ემზადებიან მომდევნო კალენდარული შეხვედრისათვის. დღეს ჩვენი გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში ვიტ ჯორჯიელთა სასარგებლოდ – 4:1 დასრულდა.

მატჩის პირველივე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქეს სახიფათოდ შეუტიეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან პაატა ღუდუშაურმა მეურვე ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და საბოლოოდ საკუთარ გუნდს კუთხურის მოწოდების უფლება მოუპოვა. ვეტერინარებმა მეტოქის კართან ზედიზედ ორი კუთხური მოაწოდეს. შეხვედრის მეორე წუთზე სტანდარტიდან ზურაბ ღირდალაძემ მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, ნაკრების კარის აღება ოთარ მუხულიშვილმა სცადა, თუმცა მისი თავური დარტყმა მცირედით ასცდა სამიზნეს. ჩვენი კარის მიმართულებით მეოთხე წუთზე ნიკა კვანტალიანმა დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში გოლის გატანას პაატა ღუდუშაური შეეცადა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა, კარისკენ გაისროლა კიდეც, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა. ანგარიში დაპირისპირების მეთერთმეტე წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან ზურაბ ღირდალაძის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს ირაკლი კამლაძემ თავი დაარტყა და მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:0. ვეტერინარებმა მეტოქის კარის მიმართულებით კიდევ ერთი სახიფათო დარტყმა 32–ე წუთზე განახორციელეს. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს ალეკო ჩაკვეტაძე კარისკენ გზავნიდა, თუმცა ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მცველი გადაეღობა და ეპიზოდიც განიმუხტა. ორ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით თემურ ჩოგაძემ დაარტყა და ააცილა. ანგარიში თამაშის 36–ე წუთზე გათანაბრდა. საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს შალვა ექვთიმიშვილმა შეცდომა დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვა. ჩვენ კარში ბურთი ბექა ნიკოლაშვილმა გაიტანა – 1:1. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა გოლის გატანა მოახერხეს, დათო საჯაიას ჩაწოდების შემდეგ მეტოქის კარში ბურთი ზურაბ ღირდალაძემ გადაგზავნა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. პირველი ნახევრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ ბექა კაკუშაძემ დაარტყა, მეტოქე გუნდის კიპერმა ბურთის ხელებში დაუფლება მოახერხა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 48–ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარი მეორეჯერ აიღეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ირაკლი კამლაძემ მეტოქის კარში გადაგზავნა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა – 2:1. გიორგი ვაზაგაშვილმა შეხვედრის 55–ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა და ვიტ ჯორჯიელთა მეკარემ, ნიკა ქავთარაძემ, რომელიც საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების კარს მეორე ტაიმის სასტარტო წუთებიდან იცავდა, ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ნიკა ქავთარაძე მეორე ნახევარში საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებს კაპიტნობდა. თამაშის 65–ე წუთზე შოთა დავლაშელიძის გადაცემის შემდეგ კახა კახაბრიშვილმა ბურთი გიგა გურეშიძეს დაუტოვა, რომლის დარტყმულსაც კუთხური მოჰყვა. დაპირისპირების 68–ე წუთზე ჩვენი კარისკენ ნუგზარ სპანდერაშვილმა დაარტყა და ბურთს ირაკლი კამლაძე გადაეღობა. თამაშის 70–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ნიკა ყურშავიშვილმა დაარტყა და ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში კახა კახაბრიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ნიკა ქავთარაძემ კუთხურზე მოიგერია. თამაშის 78–ე წუთზე კახა კახაბრიშვილის კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ნიკა ქავთარაძემ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 79–ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ლუკა სილაგაძემ დაარტყა და კარის ხაზიდან ბურთი რევაზ ჩიტიშვილმა გამოიტანა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს, გატანილი გოლით ამჯერად გიორგი ვეკუა გამოირჩა, რომელსაც ასისტენტობა შოთა დავლაშელიძემ გაუწია – 3:1. შეხვედრის 82–ე წუთზე საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ნიკა ქავთარაძემ კიდევ ერთი გაშვებული გოლისგან იხსნა, მან ამჯერად გიორგი ვაზაგაშვილის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 85–ე წუთზე მამია ტაბეშაძემ კვლავ დამაჯერებლად ითამაშა, ამ უკანასკნელმა ლუკა სილაგაძის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. საფინალო რეზულტაატი 88–ე წუთზე დაფიქსირდა. გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი კახა კხაბრიშვილმა გაიტანა – 4:1.

საქართველო U20 1:4 ვიტ ჯორჯია
გოლები: 1:0 კამლაძე (11’) 1:1 ნიკოლაშვილი (36’) 2:1 კამლაძე (48’) 3:1 ვეკუა (80’) 4:1 კახაბრიშვილი (88’)

საქართველო U20: ჩოჩიშვილი, კერელეიშვილი, ყურშავიშვილი, ბულუხაძე, ქებაძე, ბაკურაძე, ჩოგაძე, ნიკოლაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, კვანტალიანი
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, საღრიშვილი, სილაგაძე, კიკილაშვილი, შეწირული, ცირდავა, ნონიაშვილი, ქიმერიძე, სპანდერაშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ტაბეშაძე 46’), მუხულიშვილი (დანელია 46’), კამლაძე (სეხნიაშვილი 71’), ჩაკვეტაძე (ტეტუნაშვილი 46’), ჩიტიშვილი, საჯაია, გურამ გურეშიძე (გიგა გურეშიძე 51’), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 51’), კაკუშაძე (ვეკუა 46’), ღუდუშაური (დავლაშელიძე 46’), ღირდალაძე (კახაბრიშვილი 46’)

გაფრთხილება: ფოჩხუა
უკან დაბრუნება