ტესტმატჩი. ვიტ ჯორჯია 3:0 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

10 ნოემბერი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ საკონტროლო შეხვედრა გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი თანალიგელ ცხინვალს დაუპირისპირდა. მატჩი ვეტერინართა გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიელებმა სათამაშო უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს. შეხვედრის მეორე წუთზე ცხინვალის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ოთარ მუხულიშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე კახა კახაბრიშვილმა ითამაშა, თავი წაარტყა კიდეც, თუმცა კარს ააცილა. ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა გიორგი ვეკუამ ბურთი შოთა დავლაშელიძეს დაუგორა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა - 1:0. დაპირისპირების მეათე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან კარისკენ ბურთი ვაჟა მათიაშვილმა არაზუსტად გაგზავნა. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცა კახა კახაბრიშვილს, რომელმაც სისწრაფეში მეურვე ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ააცილა. დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ ცხინვალელთა კარი კახა კახაბრიშვილმა აიღო - 2:0. თამაშის 26-ე წუთზე ვაჟა მათიაშვილის გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიცაზე აღმოჩნდა ლუკა გადრანი, თუმცა ამ უკანასკნელის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და ბურთი თამაშში ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა შეიყვანა. შეხვედრის 29-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, დუბლი შეასრულა კახა კახაბრიშვილმა, რომელსაც ასისტენტობა გიორგი ვეკუამ გაუწია. მატჩის 37-ე წუთზე ცხინვალის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ალეკო ჩაკვეტაძემ ითამაშა, თავით გადაცემა შოთა დავლაშელიძის მისამართით გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძილიდან ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და სამიზნეს ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ნიკა მაისურაძემ დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 47-ე წუთზე, ჩვენი კარისკენ არჩილ მესხმა დაარტყა, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა წინ დაუვარდა, თანაგუნდელი ალეკო ჩაკვეტაძემ დააზღვია და ხიფათიც განეიტრალდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა საკმაოდ მწავედ შეუტიეს ცხინვალს. შეტევის მარჯვენა ფრთიდან მეტოქეს გიორგი ვაზაგაშვილმა შეუტია, ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი კახა კახაბრიშვილი შენიშნა და გადაცემა სწორედ მისი მიმართულებით გააკეთა, ამ უკანასკნელმა თავის მხრივ ბურთი პაატა ღუდუშაურს დაუტოვა, რომელმაც კარში დაარტყა და რომ არა მეკარე, რომელმაც ნახტომში მოახერხა ბურთის კუთხურზე მოგერიება, გოლი გარდაუვალი იყო. თამაშის 56-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ცხინვალელთა კარისკენ შალვა ექვთიმიშვილმა დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრის 59-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან კარში არჩილ მესხმა დაარტყა და ვიტ ჯორჯიელთა კიპერი, მამია ტაბეშაძე ბურთს ადგილზე დახვდა. დაპირისპირების 63-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირების შესაძლელობა მიეცა გიორგი ჭანუყვაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს საკმაო მანძილით ააცილა. თამაშის 80-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით ბექა კაკუშაძემ დაარტყა და ააცილა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, გიორგი ვაზაგაშვილმა საჯარიმო დარტყმით სცადა ცხინვალის კარის დალაშქვრა, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა.
 
ვიტ ჯორჯია 3:0 ცხინვალი
გოლები: 1:0 დავლაშელიძე (5’) 2:0 კახაბრიშვილი (15’) 3:0 კახაბრიშვილი (29’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ტაბეშაძე 46’), ჩაკვეტაძე, ტეტუნაშვილი, ჩიტიშვილი, დანელია (საჯაია 46’), გურამ გურეშიძე (გიგა გურეშიძე 46’), დავლაშელიძე (ექვთიმიშვილი 46’), ვეკუა (ვაზაგაშვილი 46’), მუხულიშვილი, კახაბრიშვილი (კაკუშაძე 67’), ღუდუშაური (ხუციანიძე 67’)
 
ცხინვალი: პროკოპენკო, ლაცაბიძე, გადრანი, კუპრაძე, კენჭაძე, მაისურაძე, სულთანიშვილი, ლეჟავა, ლომსაძე, კოკაია, მათიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კერესელიძე, ჭანუყვაძე, წივწივაძე, მესხი, ებრალიძე, შენგელია, ჯამარაული

 
უკან დაბრუნება