ვიტ ჯორჯიაში სტაჟირებაზე ჰონგ კონგელი ფიზიოთერაპევტი იმყოფება

14 ნოემბერი 2017
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში სტაჟირებაზე იმყოფება ჰონგ კონგელი ფიზიოთერაპევტი - ჰიმსი ლაუ. მას უმაღლესი განათლება სპორტული თერაპიის მიმართულებით ჰონგ კონგის ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების ინსტიტუში აქვს მიღებული, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ჰონგ კონგის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებათა ცენტრში, შლი ლანკის სპორტულ მედიკოსთა საზოგადოებაში, ჰონგ კონგის რჩეულ ათლეტთა ასოციაციაში და რაგბის ასოციაციაში.
 
ახალგაზრდა ჰონგ კონგელმა სპეციალისტმა მცირედი კომენტარი ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისათვის გააკეთა.

სრულიად შემთხვევით თქვენი განცხადება ვნახე. ვაკანსია იყო ფიზიოთერაპევტის პოზიციაზე. ნოემბრის თვეში დაგეგმილი მქონდა თბილისში ერთი თვის გატარება და რადგან ეს ვაკანსია ჩემთვის პროფესიული თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა დავინტერესდი. თანაც ვიტ ჯორჯია თბილისის გუნდია და  გადავწყვიტე სტაჟირების თაობაზე მომემართა. ვიცი, რომ ვიტ ჯორჯია საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშობს. ინტერნეტში კლუბის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვე. გავეცანი ფოტო-ვიდეო მასალასაც. ჩემი აზრით ის ატმოსფერო, მენეჯმენტი და აქტივობა, რომელიც ვიტ ჯორჯიას აქვს, არა თუ ჰონგ კონგის, არამედ ბევრ აზიურ კლუბს შეშურდება. აშკარაა, რომ აზიური კლუბებისგან განსხვავებით, ვიტ ჯორჯია ახალგაზრდული გუნდებისა და მოზარდი მოთამაშეების განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ეწვიოთ კლუბის ოფიციალურ გვერდს ან ვიტ ჯორჯიას სხვა რომელიმე სოციალურ ქსელს. რაც შეეხება საქართველოს, აქ პირველად მაისის თვეში ჩამოვედი. ვიყავი მესტიაში, ყაზბეგში, ქუთაისში, ახალციხეში, მცხეთაში, სიღნაღში... ეს ქვეყანა იმაზე ბევრად ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ძალიან კარგი ბუნება გაქვთ, მრავალი ლამაზი ადგილი მოვინახულე და რაც მთავარია, ბევრ კეთილ და მეგობრულად განწყობილ ადამიანს შევხვდი.

პირადად მე, ფეხბურთის გუნდთან მუშაობის გამოცდილება აქამდე არ მქონია - ჩემთვის საინტერესო სფეროა. ჰონგ კონგის ფეხბურთის ასოციაცია ბევრ რესურსს არ ხარჯავს გუნდებისა და მოთამაშეების განვითარებაში.  შესაბამისად, საფეხბურთო კლუბებს არც თუ ისე კარგი სამედიცინო მომსახურება აქვთ. ჩემს ქვეყანაში ბევრად უფრო განვითარებულია სარაგბო ინდუსტრია - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰონგ კონგის სარაგბო გუნდებში ვმუშაობდი ფიზიოთერაპევტად. სარაგბო მატჩების დროს მოთამაშეები ხშირად იღებენ მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს, ხშირია თავის ტვინის შერყევათა რიცხვიც. მართალია მსგავსი სირთულისა და სახეობის ტრავმები ფეხბურთში ნაკლებია, თუმცა გარკვეული ტიპის ტრავმების პრევენციის, პერველადი დახმარებისა და რებილიტაციის შესახებ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ სამედიცინო ჯგუფის წევრებს. Hong Kong Rugby Sevens-ის გათამაშებაზე მომიწია მუშაობა. მოთამაშეების მომზადება სპორტული დატვირთვისათვის, სპორტული მასაჟი და კიდევ სხვა მრავალი საკითხი - სწორედ ამ მიმართულებით იწარმოებს ინფორმაციათა გაცვლა ვიტ ჯორჯიის ექიმ-ფიზიოთერაპევტთან მუშაობის პროცესში.

დღეს უკვე აქ ვარ, ყველამ კარგად მიმიღო და მეც აქტიურად ჩავერთე გუნდის ცხოვრებაში. პირველივე დღიდან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ვართ. მე და კლუბში მომუშავე კომპეტენტური სამედიცინო პერსონალი ჩვენს სამედიცინო ცოდნა-გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. მათთან ერთად შესაბამის სამედიცინო პროცედურებს ვუტარებთ როგორც ძირითადი, ასევე ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც პერიოდულად ვიტ ჯორჯიას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ვთვლი, რომ კლუბის სხვა თანამშრომლებთან ურთიერთიერთობით მიღებული გამოცდილებაც წაადგება ჩემს კარიერას სამომავლოდ. ერთი რაზეც გული მწყდება, დროის სიმცირეა, სეზონი დასასრულს უახლოვდება და ორიოდ შეხვედრაზე მოვახერხებ დასწრებას და ვიტ ჯორჯიას გულშემატკივრობას.

უკან დაბრუნება