ვიტ ჯორჯია 1:0 გურია [ფოტო+ვიდეო]

25 ნოემბერი 2017
დღეს, ეროვნული ლიგა ორის უკანასკნელი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მცხეთა პარკზე ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარაცხა.

თამაში თავიდანვე ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მეორე წუთზე ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტის შესრულება თავის თავზე გიორგი ვაზაგაშვილმა აიღო, თუმცა მის მიერ დარტყმული არაზუსტი გამოდგა. დაპირისპირების 25-ე წუთზე ლანჩხუთელთა კარის აღება სცადა შალვა ექვთიმიშვილმა თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა და სამიზნეს ასცდა. თამაშის 30-ე წუთზე გურიას მცველები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ, სტანდარტიდან კარისკენ ბექა კაკუშაძემ დაარტყა და კარს მცირედით ააცილა. შეხვედრის 38-ე წუთზე ლანჩხუთელთა იერიში კარში დარტყმით დასრულდა. ნიკა ქავთარაძემ, რომელიც ვიტ ჯორჯიას ძირითადი გუნდის მაისურით თავის სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, ნახტომში ნოდარ კიკნაველიძის მიერ დარტყმულ ბურთი დაიმორჩილა და ხიფათიც განიმუხტა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ლანჩხუთელთა საჯარიმოში კუთხურიდან გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ალეკო ჩაკვეტაძემ ითამაშა, გურულთა კარის მიმართულებით დაარტყა კიდეც, თუმცა მეტოქე გუნდის მოთამაშეებმა ერთობლივი ძალებით მოახერხეს საკუთარი კარის გადარჩენა და შეტევის მოგერიება.

მეორე ნახევრის დებიუტში, 48-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეს მწვავედ შეუტიეს, შალვა ექვთიმიშვილმა შეტევაში ოთარ მუხულიშვილი ჩართო, რომელმა თავის მხრივ მარჯვენა ფრთიდან სწრაფად ჩაირბინა ლანჩხუთელთა საჯარიმომდე, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა არაზუსტად. შეხვედრის 53-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვეს, საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ირაკლი ზარიძემ დაარტყა და კარს მხირედით ააცილა. თამაშის 56-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ნიკა წერეთელმა დაარტყა, ვეტერინართა კიპერი ნიკა ქავთარაძე, ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე ვიხილეთ, იგი ბურთს ადგილზე დახვდა და ხელებში დააფიქსირა. მატჩის 60-ე წუთზე გურიას კარის მიმართულებით კიდევ ერთი სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან გოლის გატანა ალეკო ჩაკვეტაძემ სცადა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ვიტ ჯორჯიელებს გოლის გატანის რეალური შესაძლელობა 70-ე წუთზე მიეცათ, მეტოქის კარის აღება ჯერ კახა კახაბრიშვილს შეეძლო, შემდეგ კი ოთარ მუხულიშვილს, ამ უკანასკნელი დარტყმული საკმაო მანძილით ასცდა სამიზნეს. დაპირისპირების 75-ე წუთზე ჯარიმიდან ჩვენი კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და ააცილა. ვეტერინარებმა საწადელს 85-ე წუთზე მიაღწიეს და მეტოქის კარი აიღეს. ლანჩხუთელმა ლაშა კოტრიკაძემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა შოთა დავლაშელიძე, მსაჯმა მყისვე პენალტის ნიშნულისაკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანიდან ზუსტი დარტყმით გოლი ალეკო ჩაკვეტაძემ გაიტანა - 1:0. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.

ვიტ ჯორჯია 1:0 გურია
გოლი
: 1:0 ჩაკვეტაძე (პენ. 85’)

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, საჯაია, ჩაკვეტაძე (ტეტუნაშვილი 90'), ჩიტიშვილი, მუხულიშვილი, ექვთიმიშვილი, დავლაშელიძე, კაკუშაძე (ღირდალაძე 88'), კამლაძე, ვაზაგაშვილი, ზარიძე (კახაბრიშვილი 62')
 
გურია: პოლტავცევი, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, შენგელია, კოტრიკაძე, წერეთელი (ტელა 70'), ნარიაშვილი (ჭანტურიძე 46'), კიკნაველიძე, არქანია, მონდო (ბერიძე 74'), ბაკურაძე
 
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, მუხულიშვილი - მონდო
 

ამგვარად ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის 2017 წლის გათამაშებაში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 52 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში VI ადგილი დაიკავა.
უკან დაბრუნება