ვიტ ჯორჯიაში ნოდარ კიკნაველიძე ჩაირიცხა

10 იანვარი 2018

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 24 წლის განაპირა მცველი - ნოდარ კიკნაველიძე ჩაირიცხა. იგი კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში - ზესტაფონში, ბათუმის დინამოში, მარტვილის მერანსა და გაგრაში ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გუნდის ყოფილი წევრი გახლავთ. მოზარდ ჯვაროსანთა შემადგენლობაში 4 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნოდარ კიკნაველიძემ თავისი წვლილი შეიტანა ავსტრიის, ბოსნია ჰერცოგოვინის და პოლონეთის თანატოლთა ნაკრები გუნდების დამარცხებაში. მან მონაწილეობა მიიღო თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაშიც.

უკანასკნელი სეზონი ნოდარ კიკნაველიძემ ლანჩხუთის გურიაში გაატარა, სადაც ეროვნული ლიგა ორისა და თასის გათამაშებაზე ჯამში 35 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 3-ჯერ მოახერხა.

ნოდარ კიკნაველიძე ვიტ ჯორჯიაში 16 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება