ვიტ ჯორჯიამ ზამთრის თასი 2018 მეოთხე ადგილზე დაასრულა

14 იანვარი 2018


ვიტ ჯორჯიამ 13-14 იანვარს ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. ტურნირზე ეროვნული ლიგა ერთისა და ლიგა ორის 16 გუნდი იყო წარმოდგენილი. ჩვენს გუნდს წილისყრის შედეგად გ ჯგუფში მეტოქეებად დინამო (თბილისი), კოლხეთი (ფოთი) და ნორჩი დინამო (თბილისი) ერგო.

13 იანვარს ვიტ ჯორჯიამ ზამთრის თასზე გამოსვლა  ფოთის კოლხეთთან მატჩით დაიწყო. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს. ფოთელთა კარში თითო გოლი ცოტნე მოსიაშვილმა, შოთა დავლაშელიძემ და დათო საჯაიამ გაიტანეს. დუბლი შეასრულა ბექა კაკუშაძემ.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ დინამო თბილისს 6:4 მოუგო. თითო გატანილი გოლით ცოტნე მოსიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი, დათო საჯაია და ოთარ მუხულიშვილი გამოირჩნენ. ბექა კაკუშაძემ ამჯერადაც დუბლი შეასრულა.

უკანასკნელ ტურში ვიტ ჯორჯიასა და ნორჩი დინამოს დაპირისპირებას გ ჯგუფის გამარჯვებული უნდა გამოევლინა. ვეტერინარებმა შეხვედრა 1:4 დათმეს. მოწინაარმდეგის კარში ერთადერთი გატანილი გოლი ცოტნე მოსიაშვილის აქტივშია. შედეგად ჩვენმა გუნდმა 6 ქულით ქვეჯგუფში მეორე საფეხური დაიკავა და ¼ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.





ამავე დღეს შედგა მეოთხედფინალური დაპირისპირებაც. ვიტ ჯორჯიელებმა ოთხბურთიანი სხვაობით - 6:2 დაამარცხეს რუსთავი. ბექა კაკუშაძემ და ცოტნე მოსიაშვილმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გაიტანეს შოთა დავლაშელიძემ და გიორგი ვეკუამ.




14 იანვარს ზამთრის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯია თბილისის ლოკომოტივთან - 2:5 დამარცხდა. გოლები პირად აქტივში პაატა ღუდუშაურმა და გიორგი ვეკუამ მიითვალეს.

მატჩი მესამე ადგილისთვის საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. ვიტ ჯორჯია ორჯერ ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა ნორჩ დინამოს, თუმცა შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 5:5 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც ჩვენი ფეხბურთელები ანგარიშით - 3:4 დამარცხდნენ.
უკან დაბრუნება