ვიტ ჯორჯია 2:0 გაბალა (დუბლები)

28 იანვარი 2018
ვიტ ჯორჯია 2018 წლის ეროვნული ლიგა ორის გათამაშებისათვის სამზადისს განაგრძობს. დღეს ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე წელს მცხეთა პარკზე პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ვეტერინარებმა აზერბაიჯანის წარმომადგენელ გაბალა 2-ს უმასპინძლეს და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

თავშივე უნდა ითქვას, რომ ანგარიში არ ასახავს იმ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, რომელიც ვიტ ჯორჯიელებს 90 წუთის მანძილზე ჰქონდათ. სტუმრებმა ჩვენი კარის მიმართულებით თამაშის განმავლობაში სულ ორჯერ დაარტყეს, პირველად 30-ე წუთზე შორი მანძილიდან მეშაჰირ აჰმედოვმა გაისროლა და დიდი მანძილით ააცილა, მეორედ კი მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე - ხაიად ემირლიმ დაარტყა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ თამაში ვიტ ჯორჯიელთა კარნახით წარიმართა. შეხვედრის მეოთხე წუთზე აზერბაიჯანელმა მცველებმა პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ თამაშის წესები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაარღვიეს. სტანდარტიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა და სამიზნეს მცირედით ააცილა. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში ვეტერინართა მრავალცვლიანი კომბინაცია გიორგი ვასაძემ კარში დარტყმით დაასრულა, ბურთი ამჯერადაც ასცდა მეტოქის კარს. დაპირისპირების მეათე წუთზე გაბალას საჯარიმოში ბექა კაკუშაძე შეიჭრა, ბურთი შოთა დავლაშელიძემდე მიიტანა, ამ უკანასკნელმა მაღალი გადაცემა შეტევაში ჩართული თანაგუნდელების მისამართით გაგზავნა, საბოლოოდ ბურთზე ოთარ მუხულიშვლმა ითამაშა, კარში დაარტყა კიდეც და რომ არა მეკარე გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის მეცამეტე წუთზე მეტოქის კარის აღება პაატა ღუდუშაურმა სცადა, თუმცა მის მიერ შორი მანძილიდან დარტყმულ ბურთს მეკარე სერვონ ოსმანოვი იოლად დაეუფლა. თამაშის მეჩვიდმეტე წუთზე ვეტერინარებმა მეტოქე მათსავე საჯარიმო მოედანში შეავიწროვეს, პაატა ღუდუშაურმა გაბალას მეკარეს ზუსტი გადაცემის შესრულების საშუალება არ მისცა, შედეგად აზერბაიჯანელთა კიპერის მიერი მოგერიებული ბურთი ნოდარ კიკაველიძეს მოედნის ცენტრთან ახლოს მიუვიდა. ვიტ ჯორჯიელთა განაპირა მცველმა შორი მანძილიდან სცადა უმეთვალყურეოდ დარჩენილ კარში ბურთის გადაგზავნა, თუმცა მისი დარტყმული ზედმეტად ძლიერი გამოდგა. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ბექა კაკუშაძემ გაბალას მცველების შეცდომით ისარგებლა, სიტუაცია გაამწვავა და საკუთარ გუნდს კუთხურის მოწოდების უფლება მოუტანა. სტანდარტიდან ბურთი ნოდარ კიკნაველიძემ მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდა. მცველებმა ბურთის მოგერიება სცადეს, მაგრამ ამაოდ - გადმოვარდნილი ბურთი ბექა კაკუშაძემ კარისკენ გაგზავნა და მცირედით ააცილა. მატჩის 20-ე წუთზე ვასაძე-დავლაშელიძის მიერ გათამაშებული კომბინაცია, ამ უკანასკნელის კარში დარტყმით დასრულდა - ბურთი მეკარემ მოიგერია. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში საჯარიმოს მისადგომებთან მყოფი გიორგი ვასაძე ეცადა შედეგიანი დარტყმის განხორციელებას, მაგრამ კარს ააცილა. შეხვედრის 36-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანას ალეკო ჩაკვეტაძე ცდილობდა - კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა არაზუსტად. პირველი ნახევრის მიწურულს, 41-ე წუთზე გაბალას ფეხბურთელები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს, სტანდარტიდან ნოდარ კიკნაველიძემ ბურთი კარისკენ გაგზავნა - გაბალას მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოახდინეს სიტუაციის განეიტრალება და შეტევის მოგერიება.

ვიტ ჯორჯიელთა თავკაცის, ლაშა ფირცხალაიშვილის გადაწყვეტილებით, მეორე ტაიმის დასაწყისში სასტარტო შემადგენლობის თერთმეტივე ფეხბურთელი შეიცვალა. რაც შეეხება აზერბაიჯანულ კლუბს, მათ რიგებში ძირეული ცვლილებები არ განხორციელებულა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა კვლავ ვეტერინართა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. დაპირისპირების 50-ე წუთზე გიორგი ვეკუას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა თავად დაზარალებულმა უზადოდ შეასრულა, ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ჩვენ ფეხბურთელებს გოლიდან სამ წუთში კიდევ ერთხელ შეეძლოთ მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. კუთხურიდან გაბალას საჯარიმოში გიორგი ვეკუამ ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე კარგად ითამაშა ირაკლი ზარიძემ, ბურთი თავით კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა მეკარემ დარტყმული თავგანწირულ ნახტომში მოიგერია - მიუხედავად ამისა ვეტერინართა შეტევა გაგრძელდა, ბურთი დამასრულებელ ფაზაში ირაკლი კამლაძეს მიუვიდა, კარში დაარტყა და ამჯერადაც კიპერმა აიღო. მატჩის 63-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ ირაკლი ზარიძე გაბალას მეკრესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, ვიტ ჯორჯიელთა შემტევს ამ ეპიზოდში გოლის გატანა მართებდა - მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ იოლად მოიგერია. შეხვედრის 64-ე წუთზე გიორგი გვასალიამ ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი ვეკუას დაუტოვა, ამ უკანასკნელის მიერ დარტყმული კი მეკარემ ნახტომში მოიგერია. დაპირისპირების 71-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. შეტევის მარცხენა ფლანგზე ცოტნე მოსიაშვილმა კარგად იბრძოლა, დროულად შენიშნა მეტოქის საჯარიმოს მიმართულებით დათო საჯაიას მოძრაობა, ჩაუწოდა და ბურთი გაბალას კარის ბადეში გაეხვა - 2:0. თამაშის 80-ე წუთზე ცოტნე მოსიაშვილმა მეტოქეს გუნდის მოთამაშეს მისსავე ნახევარზე აართვა ბურთი, საჯარიმოში გიორგი გვასალიას ჩაუწოდა, რომელმაც ნახევარბრუნში დაარტყა კარისკენ და ააცილა. მატჩის მიწურულს დუბლის შესრულება შეეძლო გიორგი ვეკუას, მისი დარტყმული ბურთი მეკარემ ხელებში დააფიქსირა.
ვიტ ჯორჯია 2:0 გაბალა II
გოლები: 1:0 ვეკუა (პენ. 50’) 2:0 საჯაია (71’)
 
ვიტ ჯორჯია (პირველი ტაიმი): შეროზია, მუხულიშვილი, ჩიტიშვილი, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, კიკნაველიძე, ექვთიმიშვილი, ვასაძე, დავლაშელიძე, ღუდუშაური, კაკუშაძე
 
ვიტ ჯორჯია (მეორე ტაიმი): ქავთარაძე, საჯაია, სეხნიაშვილი, კამლაძე, შეროზია, ნიკოლეიშვილი, ვაზაგაშვილი, ვეკუა, მოსიაშვილი, გვასალია, ზარიძე
 
გაბალა II: ოსმანოვი, ელეკბერლი, სოლტანოვი, მესიმოვი, ალეკბეროვი, აბდულიევი, ბახშოლტიევი, აჰმედოვი, სადიხოვი, იბადოვი, ისოზადე
 
შეცვლაზე შევიდნენ: სულტანოვი, ემირლი, მუსტაგოვი, მუტალიმოვი, მეჰმალიევი
 
უკან დაბრუნება