ვიტ ჯორჯია 2:0 საბურთალო II (ფოტო+ვიდეო)

04 თებერვალი 2018

 

დღეს, მცხეთა პარკზე, მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენი გუნდი ლიგა სამში დაწინაურებულ საბურთალო 2-ს დაუპირისპირდა. თამაში ვიტ ჯორჯიელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

ვეტერინარებმა ბურთზე კონტროლი საწყისი წუთებიდანვე ხელთიგდეს და სათამაშო უპირატესობა ანგარიშშიც მალევე ასახეს. დაპირისპირების მეცხრე წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ საბურთალოელთა მეკარესთან პირისპირ პაატა ღუდუშაური დარჩა, რომელმაც მეტოქის მოტყუება სცადა, საბურთალოს მეკარემ კარი დატოვა, თამაშის წესები დაარღვია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გოლი გიორგი ვეკუამ გაიტანა - 1:0. შეხვედრის მეცამეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს, ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარის აღება პაატა ღუდუშაურმა სცადა - მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. გათამაშებული სტანდარტიდან საბურთალოელთა საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, მეორე სარრთულზე კარგად ითამაშა გიორგი გეთიაშვილმა, რომელმაც თავური დარტყმით ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს კიდევ ერთი საგოლე ეპიზოდი 28-ე წუთზე შეექმნათ. საბურთალოელთა მცველს ბექა კაკუშაძემ მეკარის მიმართულებით გაკეთებული გადაცემა ჩაუჭრა, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა ეპიზოდს კუთხური მოჰყვა - სტანდარტიდან კი განსაკუთრებული ხიფათი აღარ შექმნილა. თამაშის 34-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარის მიმართულებით გიორგი ვეკუამ დაარტყა - საბურთალოს კიპერმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. დაპირისპირების 35-ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შესაძლებლობა ჰქონდა დათო საჯაიას, რომელმაც ეპიზოდი სათანადოდ ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის მიწურულს, ჯავახიშვილის გადაცემის შემდეგ ჩვენი კარის მიმართულებით ღლონტმა დაარტყა - ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა.

მეორე ნახევრის განახლებიდან თხუთმეტ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი სახიფათო იერიში აწარმოეს. მოწინააღმდეგის კარის აღება პაატა ღუდუშაურს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული კიპერმა მოიგერია, მიუხედავად ამისა ვეტერინართა იერიში გაგრძელდა, საბურთალოელთა საჯარიმოში ჩატრიალებულ ბურთზე ირაკლი ზარიძემ ითამაშა, ერთი შეხებით სცადა ბურთის კარის ბადეში გადაგზავნა, თუმცა საბოლოოდ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.  მატჩის 77-ე წუთზე შორი მანძილიდან საბურთალოელთა კარისკენ შალვა ექვთიმიშვილმა გაისროლა, სტუმართა კიპერმა ამ დარტყმულის მოგერიებაც მოახერხა. სტუმართა კიპერი საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერთო 81-ე წუთზე, მან ამჯერად ლაშა ნიკოლეიშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია კუთხურზე. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ირაკლი ზარიძის გადაცემის შემდეგ შოთა დავლაშელიძემ სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი სამიზნეს ასცდა.
 
ვიტ ჯორჯია 2:0 საბურთალო II
გოლები:
1:0 ვეკუა (პენ. 9’) 2:0 გეთიაშვილი (13’)
 
ვიტ ჯორჯია: ჯონი შეროზია (ქავთარაძე 46'), კამლაძე (სეხნიაშვილი 60'), ჩიტიშვილი (ჩაკვეტაძე 46'), გეთიაშვილი, კიკნაველიძე (ნიკოლეიშვილი 60'), საჯაია (გიორგი შეროზია 60'), მოსიაშვილი (ვაზგაშვილი 46'), ვასაძე (დავლაშელიძე 46'), ვეკუა (ექვთიმიშვილი 46'), კაკუშაძე (ზარიძე 46'), ღუდუშაური (გვასალია 60')
 
საბურთალო: ლეჟავა, ბუიღლიშვილი, ხუბაშვილი, ტაბატაძე, ჯავახიშვილი, ბაკურაძე, სალუქვაძე, ნიკოლაიშვილი, აბულაძე, ტოკლიკიშვილი, ღლონტი
 
შეცვლაზე შევიდნენ: ბახტაძე, ფურცელაძე, ხარაიშვილი, ნონიკაშვილი, ვახანია, ჭანტურიშვილი, გულიაშვილი
 
გაფრთხილება:
კაკუშაძე - ლეჟავა

მომდევნო მატჩს ვიტ ჯორჯია 8 თებერვალს, მცხეთა პარკზე, შევარდენის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.
უკან დაბრუნება