სარეზერვო გუნდი სპარინგში დამარცხდა

06 თებერვალი 2018
დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა, რომელიც რეგიონული ლიგის გათამაშებისათვის ემზადება, მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ვიტ ჯორჯიელებმა ეროვნულ ლიგა ორში აღზევებულ ნორჩ დინამოს უმასპინძლეს. დაპირისპირება სტუმართა სასარგებლოდ - 0:4 დასრულდა.

თამაშის საწყის წუთებში მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებს გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცათ. მეხუთე წუთზე გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ ნორჩი დინამოს კიპერთან პირისპირ დარჩა თორნიკე მუზაშვილი, რომელმაც მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება გადაწყვიტა, თუმცა დარტყმული ზედმეტად ძლიერი გამოდგა და კარს ზემოდან გადაცდა. თამაშის 24-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარს გიორგი თაგვაშვილი დაემუქრა, თუმცა მის მიერ შესრილებული დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ვეტერინარებს მეტოქის კარის აღების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ 38-ე წუთზეც. ნორჩი დინამოს კარს გათამაშებული კუთხურის შემდეგ დათო დვალიშვილმა ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, გიორგი შეროზიას მიერ სტუმართა საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი მცველებმა უხეიროდ მოიგერიეს და საბოლოოდ ვიტ ჯორჯიელ დათო მოგელაძეს მოუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა კარს.

მეორე ტაიმის დებიუტში, 48-ე წუთზე, ჯარიმიდან გიორგი თაგვაშვილმა ნორჩი დინამოს კარის მიმართულებით დაარტყა, სტუმართა კიპერი ბურთს ადგილზე დახვდა და ხიფათიც განიმუხტა. დაპირისპირების 55-ე წუთზე ლევან მეტრეველის ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი გვასალიამ დაახვედრა, მის მიერ შესრულებული დარტყმა კარს მცირედით ასცდა. ანგარიში თამაშის 60-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი გიორგი კახელიშვილმა გაიტანა - 0:1. დაპირისპირების 68-ე წუთზე გიორგი ჯინიკაშვილმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2. სტუმართა რიგებიდან თამაშის 81-ე წუთზე დუბლი შეასრულა გიორგი კახელიშვილმა - 0:3. საფინალო ანგარიში შეხვედრის 84-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ჯინიკაშვილმა პენალტიდან გაიტანა - 0:4.

ვიტ ჯორჯია II 0:4 ნორჩი დინამო
გოლები:
0:1 კახელიშვილი (60’) 0:2 ჯინიკაშვილი (68’) 0:3 კახელიშვილი (81’) 0:4 ჯინიკაშვილი (პენ. 84’)

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ტაბეშაძე 46’), ქისიევი, ამაშუკელი (გაბიტაშვილი 75’), ქვაჩახიძე, შეროზია (მეტრეველი 46’), ნიკოლეიშვილი (ქებაძე 46’), დვალიშვილი (პავლიაშვილი 46’), თაგვაშვილი (ნაჭყებია 68’), მოგელაძე, მუზაშვილი (ჩადუნელი 46’), გვასალია

ნორჩი დინამო: მიქავა, ლობჟანიძე, კალაძე, ავლოხაშვილი, მათეშვილი, თოლორდავა, ავსაჯანიშვილი, ჯინიკაშვილი, მაჭარაშვილი, ფირცხალავა, კახელიშვილი შეცვლაზე შევიდნენ: გაგნიძე, ბოლქვაძე, მაზანაშვილი
უკან დაბრუნება