ვიტ ჯორჯია 0:0 შევარდენი (ფოტო+ვიდეო)

08 თებერვალი 2018

დღეს, ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. მცხეთა პარკზე ვეტერინარებმა თანალიგელ შევარდენს უმასპინძლეს. თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

თავშივე უნდა ითქვას, რომ საფინალო რეზულტატი მატჩის მსვლელობას ნამდვილად არ ასახავს. პირველივე წუთებიდან ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა კარისკენ პირველად შევარდენის ფეხბურთელება დაარტყეს, შოთა გვაზავას მიერ გასროლილი ბურთი კარს ასცდა. დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე ბექა კაკუშაძემ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კიპერმა, გიორგი ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. დაპირისპირების 27-ე წუთზე შევარდენის ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან პირდაპირ კარში დაარტყა ნოდარ კიკნაველიძემ, ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის კარის აღება სცადა შოთა დავლაშელიძემ, თუმცა ბურთს მცველები გადაეღობნენ და ხიფათიც განიმუხტა. თამაშის 31-ე წუთზე ზვიად ქანთარიამ ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით და ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდებულ ბურთს თავი ირაკლი კამლაძემ დაარტყა და შევარდენის კარს მცირედით ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 47-ე წუთზე, მეტოქის კარის მიმართულებით დაარტყა ცოტე მოსიაშვილმა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში სტუმრებმა ჩვენს კართან ხიფათი შექმნეს. დავით ოდიკაძემ სტანდარტიდან ჩვენს საჯარიმოში ჩააწოდა, თავით ლაშა ჭელიძემ დაარტყა და ააცილა. შევარდენი გაშვებული გოლისგან მატჩის 51-ე წუთზე ძელმა იხსნა, ოთარ მუხულიშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი ვასაძის დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა და ეპიზოდიც განიმუხტა. დაპირისპირების 58-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმული ბურთი შევარდენის კიპერმა მოიგერია. თამაშის 60-ე წუთზე გოლის გატანა შეეძლო თორნიკე მუზაშვილს, თუმცა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ცოტნე მოსიაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია სტუმართა მოთამაშემ, არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ალეკო ჩაკვეტაძემ დაარტყა და ბურთი მეკარემ მოიგერია. შეხვედრის 75-ე წუთზე ოთარ მუხულიშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი თორნიკე მუზაშვილმა მეტოქის კარისკენ გაგზავნა და კიპერმა მოიგერია. თამაშის 80-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და რომ არა ხარიხა გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის უკანასკნელ წუთზე თორნიკე მუზაშვილმა კიდევ ერთხელ სცადა სტუმართა კარის დალაშქვრა და ააცილა.

ვიტ ჯორჯია 0:0 შევარდენი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, საჯაია, კიკნაველიძე, ექვთიმიშვილი, ვეკუა, დავლაშელიძე, ზარიძე, კაკუშაძე
შეცვლაზე შემოვიდნენ: ქავთარაძე, მუხულიშვილი, ჩაკვეტაძე, სეხნიაშვილი, მოსიაშვილი, ვაზაგაშვილი, ვასაძე, ღუდუშაური, მუზაშვილი

შევარდენი: ნადირაძე, ტეტუნაშვილი, მნათობიშვილი, ჯიშკარიანი, მთივლიშვილი, გვაზავა, ჩიკვაიძე, ოდიკაძე, გედენიძე, ფოჩხუა, ქანთარია
შეცვლაზე შემოვიდნენ: თუხარელი, ბენაშვილი, კოტრიკაძე, მაჩარია, ლიპარტელიანი, ჭელიძე, პატარკაციშვილი, ნემსაძე, კიკნაძე, აბაშიძე, ვირუბოვი

 


ვიტ ჯორჯია მომდევნო საკონტროლო მატჩს 13 თებერვალს საგურამოში, ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 13:00 საათზე დაიწყება
უკან დაბრუნება