ლოკომოტივი 1:1 ვიტ ჯორჯია

13 თებერვალი 2018
დღეს, ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის მომზადებული გუნდი საგურამოს ბაზაზე ეროვნულ ლიგა 1-ში მოასპარეზე თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდა. თამაში ფრედ, ანგარიშით - 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა. ლოკომოტივის მეკარის, რევაზ თევდორაძის უხეში შეცდომის შემდეგ გოლი ბექა კაკუშაძემ გაიტანა - 1:0. ვეტერინარებს მერვე წუთზე ანგარიშში სხვაობის გაზრდა ორამდე შეეძლოთ, შოთა დავლაშელიძის მიერ დარტყმული ბურთი ლოკომოტივის კარს მცირედით ასცდა. მასპინძლებმა ანგარიში დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე გაათანაბრეს. მარჯვენა ფრთიდან გათამაშებული კუთხურის შემდეგ ჩვენი კარის მიმართულებით დავით უბილავამ დაარტყა, რიკოშეტის შედეგად ბურთი ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ მყოფ გიორგი ხიდეშელს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა და გაიტანა - 1:1. ჩვენი გუნდის კარის გადარჩენა მატჩის 21-ე წუთზე ჯონი შეროზიას მოუწია, მან ლუკა კიკაბიძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ვიტ ჯორჯიელთა შემტევმა, პაატა ღუდუშაურმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეურვე მოატყუა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთი სამიზნეს მცირე მანძილით ასცდა. თამაშის 25-ე წუთზე ლოკომოტივის ფეხბურთელებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვიეს, სტანდარტიდან საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, ახლო მანძილიდან დაუცველი კარის მიმართულებით ბურთი შოთა დავლაშელიძემ გაგზავნა და რომ არა ხარიხა, გოლი გარდაუვალი იყო. მატჩის 31-ე წუთზე ლოკომოტივის საჯარიმოში სტანდარტიდან კვლავ ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა და მეტოქის კარის აღებას ამჯერადაც შოთა დავლაშელიძე ლამობდა, თუმცა მისი თავური სამიზნეს ასცდა. პირველი ნახევრის მიწურულს, 40-ე წუთზე, ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან გიორგი ხიდეშელმა დაარტყა და ააცილა.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, ლოკომოტივის კარის აღების შესაძლელობა მიეცა ვიტ ჯორჯიელ პაატა ღუდუშაურს, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მასპინძელთა კიპერი დაეუფლა. მატჩის 63-ე წუთზე კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს თავი გიორგი ხიდეშელმა დაარტყა და ააცილა. ვეტერინარებს კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი 71-ე წუთზე ჰქონდათ. ცოტნე მოსიაშვილის ფილიგრანული გადაცემის შემდეგ დათო საჯაიას ლოკომოტივის მეკარემ აუღო, დამატებაზე გოლის გატანას ირაკლი ზარიძე შეეცადა, თუმცა ბურთს მეკარე დაეუფლა და ეპიზოდიც განიმუხტა. თამაშის 78-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დავით ჯიქიამ საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. დაპირისპირების უკანასკნელ წუთზე ჩვენს ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მიეცათ ლოკომოტივის კარის დალაშქვრის შესაძლელობა.  ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ ამჯერად ლოკომოტივის კარს ოთარ მუხულიშვილი დაემუქრა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა და ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

ლოკომოტივი 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 კაკუშაძე (5’) 1:1 ხიდეშელი (15’)
 
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, ჯიქია, შონია, კობახიძე, კიკაბიძე, ხიდეშელი, კიკალიშვილი, არველაძე, უბილავა, სამურკასოვი
შეცვლაზე შევიდნენ: შეროზია, ძებნიაური, ქურდაძე, კიკნაძე, ოზბეთელაშვილი, კომახიძე, შეწირული
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ქავთარაძე 46’), საჯაია, ჩიტიშვილი (სეხნიაშვილი 70’), კამლაძე (ჩაკვეტაძე 57’), გეთიაშვილი, კიკნაველიძე (მუხულიშვილი 57’), დავლაშელიძე (ვაზაგაშვილი 65’), ექვთიმიშვილი (მოსიაშვილი 65’), კაკუშაძე (მუზაშვილი 70’), ვასაძე (ვეკუა 65’), ღუდუშაური (ზარიძე 70’)

 
უკან დაბრუნება