ვიტ ჯორჯია 4:2 არაგვი [ფოტო+ვიდეო]

19 თებერვალი 2018
დღეს, მოსამზადებელი ეტაპის მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე დუშეთის არაგვს უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით - 4:2 დაამარცხა.
 
თამაშში პირველი რეალური სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიელებმა შექმნეს, მეთორმეტე წუთზე გიორგი ვეკუამ მოედნის ცენტრთან ახლოს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს აართვა ბურთი და შეტევაში ჩართულ შოთა დავლაშელიძეს გაატანა, ამ უკანასკნელმა ბურთი პაატა ღუდუშაურს გადააწოდა, მისი დარტყმული კი მცირედით ასცდა კარს. დაპირისპირების 21-ე წუთზე დუშელთა კარის აღებას ნოდარ კიკნაველიძე ეცადა, თუმცა კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით გიორგი ბიბილაშვილმა დაარტყა და ააცილა. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, მოწინააღმდეგის ერიში გიორგი გეთიაშვილმა ჩაჭრა, წინ ბექა კაკუშაძეს გადააწოდა, რომელმაც შეტევას კარგი განვითარება მისცა, დამასრულებელ ფაზასი კი საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი პაატა ღუდუშაური შენიშნა, ამ უკანასკნელს კი ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია და ბურთი კარის ბადეში გაეხვა - 1:0. დაპირისპირების 40-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან ირაკლი ღიბრაძემ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე სტანდარტიდან გოლის გატანა სცადა პაატა ღუდუშაურმა, კარისკენ გაგზავნილი ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. გოლი მამუკა ტორონჯაძემ გაიტანა 1:1. დაპირისპირების 56-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით ირაკლი ღიბრაძემ დაარტყა და ააცილა. ვეტერინარებმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ 62-ე წუთზე აიღეს, ბექა კაკუშაძის გადაცემით გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა - 2:1. შეხვედრის 67-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა არაგვის კარის მიმართულებით და ბურთი მეკარე დავით ლეგაშვილმა ხელებში დააფიქსირა.  აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ირაკლი ზარიძეს, რომელმაც დათო საჯაიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა, კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტემ უმტყუნა. დაპირისპირების 75-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გიორგი ვაზაგაშვილი ცდილობდა გოლის გატანა, თუმცა დუშელთა მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა. სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობა 76-ე წუთზე კიდევ ერთხელ აღადგინეს, გატანილი გოლით ამჯერად გიორგი მუზაშვილი გამოირჩა - 2:2. მატჩის 80-ე წუთზე მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშით გიორგი ვაზაგაშვილმა ისარგებლა, გადაცემა ჩაჭრა და ბურთი არაგვის კარში გადაგზავნა - 3:2. საფინალო რეზულტატი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ ნოდარ კიკნაველიძემ დააფიქსირა - 4:2.
 
ვიტ ჯორჯია 4:2 არაგვი
გოლები: 1:0 ღუდუშაური (35’) 1:1 ტორონჯაძე (50’) 2:1 დავლაშელიძე (62’) 2:2 მუზაშვილი (76’) 3:2 ვაზაგაშვილი (80’) 4:2 კიკნაველიძე (90’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ქავთარაძე 46’), კამლაძე (ჩაკვეტაძე 72’), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 72’), ჩიტიშვილი, კიკნაველიძე, მუხულიშვილი (საჯაია 65’), ვასაძე (მოსიაშვილი 72’), ვეკუა (ვაზაგაშვილი 65’), დავლაშელიძე (ექვთიმიშვილი 72’), ღუდუშაური (ზარიძე 65’), კაკუშაძე (მუზაშვილი 72’)
 
არაგვი: ლეგაშვილი, ტორონჯაძე, ჯანაშია, უღრელიძე, ცერცვაძე, ლიმა, ლუკასი, ბიბილაშვილი, ღიბრაძე, ჯინჭარაძე, დოლიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ვარდიაშვილი, ბაქრაძე, თანიაშვილი, სურაჯი, მუზაშვილი

 
უკან დაბრუნება