ვიტ ჯორჯია 6:2 ალგეთი [ფოტო+ვიდეო]

23 თებერვალი 2018

დღეს, მცხეთა პარკზე, ვიტ ჯორჯიამ დასკვნითი სპარინგ შეხვედრა ლიგა სამში მოასპარეზე მარნეულის ალგეთის წინააღმდეგ გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:2 დაამარცხეს.
 
თამაშში პირველი რეალური საგოლე ეპიზოდი ვეტერინარების შესრულებით ვიხილეთ. ბექა კაკუშაძემ შეტევაში ჩართულ გიორგი ვასაძეს გადააწოდა ბურთი, რომელმაც გათვლა სიზუსტეზე გააკეთა, თუმცა საბოლოოდ დარტყმულ ბურთს სტუმართა კიპერი დაეუფლა.  აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენი კარის მიმართულებით ცოტნე ბუკიამ დაარტყა, ბურთი ჯონი შეროზიამ მოიგერია. შეხვედრის მეთორმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს მეტოქის კარის აღება ორ შემთხვევაში შეეძლოთ, პირველად ნოდარ კიკნაველიძის პასით გოლის გატანას ბექა კაკუშაძე ცდლობდა, თუმცა მას მეკარე ჯონო რეჭიამ აუღო. მეორე ეპიზოდში კი კვლავ ბექა კაკუშაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ამჯერად მან პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ვერ მოახერხა ხეირიანი დარტყმის შესრულება და ბურთი ამჯერადაც კიპერმა მოიგერია. მარნეულელთა კარის გადარჩენა კიპერს კიდევ ერთხელ მეჩვიდმეტე წუთზე მოუხდა, ამჯერად მეკარემ პაატა ღუდუშაურის მიერ შორეული კუთხისკენ აჭრილი ბურთი მოიგერია. ანგარიში მეოცე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, ალგეთის რიგებიდან გატანილი გოლით ნოდარ ბარამიძე გამოირჩა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვეტერინარებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და წონასწორობა მალევე აღადგინეს. შეხვედრის 23-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მრავალცვლიანი კომბინაცია შოთა დავლაშელიძის მიერ გატანილი გოლით დასრულდა, რომელმაც პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ფაქტობრივად დაუცველ კარში შეაგდო - 1:1. ჩვენი კარის მიმართულებით მატჩის 29-ე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან კარისკენ ილია გუჯარაიძემ დაარტყა და ააცილა. სტუმართა რიგებიდან კარისკენ 39-ე წუთზე ცოტნე ბუკიამ დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს იოლად დაეუფლა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ალგეთის კარი მეორედ აიღეს, გოლი ბექა კაკუშაძემ საკუთარ აქტივში მიითვალა, რომელმაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ლამაზი გოლის გატანა მოახერხა - 2:1.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, მარნეულელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. თამაშის 53-ე წუთზე სტუმართა მცველებმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები ნოდარ კიკნაველიძის წინააღმდეგ დაარღვიეს, სტანდარტიდან თავად დაზარალებულმად დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაახვია - 3:1. შეხვედრის 57-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი სახიფათო იერიში აწარმოეს, სტუმართა საჯარიმოში შესულმა დათო საჯაიამ კარისკენ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში მარნეულელთა კარისკენ შოთა დავაშელიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 62-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან მეკარის ბაქანთან ბურთი ავთო ბაგაშვილმა დაკიდა, შექმნილ სიტუაციაში სტუმრები კარგად გაერკვნენ, საბოლოოდ კი თავური დარტყმით ზურაბ ჭავჭავაძემ გაიტანა - 3:2. ვიტ ჯორჯიელებმა ორ ბურთიანი სტატუს-ქვო ფაქტობრივად პირველივე შეტევაში აღადგინეს, შოთა დავლაშელიძის გადაცემის შემდეგ გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 4:2. სტუმართა საჯარიმოში თამაშის 65-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ კუთხურიდან ჩააწოდა, მეორე სართულზე ორთაბრძოლა გიორგი გეთიაშვილმა მოიგო, თავით კარისკენ ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 5:2. დაპირისპირების 67-ე წუთზე შორი დისტანციიდან გიორგი ვასაძემ დაარტყა ალგეთის კარის მიმართულებით, თუმცა არაზუსტად. თამაშის 69-ე წუთზე გოლის გატანას თორნიკე მუზაშვილი შეეცდა, თუმცა მის მიერ  კარისკენ გაგზავნილი ბურთი მეკარე გივი კიკნაძემ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში შალვა ექვთიმიშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე მუზაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა მეტოქის კარის აღების შესაძლელობა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.  მატჩის 71-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ შორი მანძილიდან დაარტყა ალგეთის კარის მიმართულებით, ბურთს სტუმართა კიპერი, გივი კიკნაძე დაეუფლა. თამაშის 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, გატანილი გოლით პაატა ღუდუშაური გამოირჩა - 6:2. ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი მიეცა თორნიკე მუზაშვილს, თუმცა მის მიერ 85-ე წუთზე შესრულებული დარტყმა არაუზსტი გამოდგა. ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდების შემდეგ, მატჩის უკანასკნელ წუთზე ირაკლი ზარიძემ ვარდნაში სცადა გოლის გატანა, თუმცა სამიზნეს ააცილა.
 
ვიტ ჯორჯია 6:2 ალგეთი
გოლები: 0:1 ბარამიძე  (20’) 1:1 კაკუშაძე (23’) 2:1 კაკუშაძე (40’) 3:1 კიკნაველიძე (53’) 3:2 ჭავჭავაძე (62’) 4:2 ღუდუშაური (63’) 5:2 გეთიაშვილი (65’) 6:2 ღუდუშაური (70’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საჯაია (მუხულიშვილი 78’), ჩიტიშვილი (სეხნიაშვილი 46’), კამლაძე, გეთიაშვილი, კიკნაველიძე, დავლაშელიძე (ვეკუა 74’), ექვთიმიშვილი (ვაზაგაშვილი 78’), ვასაძე, ღუდუშაური (ზარიძე 74’), კაკუშაძე (მუზაშვილი 46’)
 
ალგეთი: რეჭია, ლობჟანიძე, ბერუაშვილი, ჭავჭავაძე, ბუჩუკური, თვალავაძე, გაგნიძე, გუჯარაიძე, ბარამიძე, ბაგაშვილი, ბუკია
შეცვლაზე შევიდნენ: კიკნაძე, მაკარაძე, ტოროშელიძე, ხარშილაძე, გოგატიშვილი

 
უკან დაბრუნება