ვიტ ჯორჯია 1:1 ცხინვალი [ფოტო+ვიდეო]

02 მარტი 2018


ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა, ვეტერინარებმა მცხეთა პარკზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბს უმასპინძლეს. დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა.

მატჩის მეხუთე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა და ააცილა. არაზუსტი გამოდგა მერვე წუთზე კობა შალამბერიძის მიერ დარტყმულიც, ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. შეხვედრის მეთოთხმეტე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით გიორგი მაღალდაძემ დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და ხელებში დააფიქსირა. მატჩის 24-ე წუთზე ვეტერინარებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან ბურთი კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ გაუშვა, ცხინვალელთა მეკარემ, ელმადინ მამადოვმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე. მორიგ სტანდარტს მორიგი ხოფათი მოჰყვა ცხინვალელთა კართან, თუმცა ამჯერად შოთა დავლაშელიძის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ცხინვალელმა მცველებმა თამაშის წესები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაარღვიეს, სტანდარტიდან კარში ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, ცხრიანისაკენ გაგზავნილი ბურთი  სტუმართა მეკარემ ხელებში გააქვავა.

ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გაიხსნა. კობა შალამბერიძის მიერ ვიტ ჯორჯიელთა საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს მიმართულება ზვიად მეტრეველმა შეუცვალა და კარისკენ გაგზავნა, ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი გოლი ანდრო ნემსაძემ გაიტანა და დაპირისპირების 48-ე წუთზე ანგარიშში წინ ცხინვალი გავიდა - 0:1. თამაშის 60-ე წუთზე ჩვენი კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმოდან ნიკოლოზ მაისურაძემ დაარტყა, ბურთი ჯონი შეროზიამ მოიგერია, თუმცა არც თუ ისე დამაჯერებლად, დამატებაზე გიორგი მაღალდაძის დარტყმული ბურთი კარს ასცდა. შეხვედრის 68-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში გადაცემა დათო საჯაიამ გააკეთა, ბურთი ნოდარ კიკნაველიძეს მიუვიდა, რომელმაც დასარტყმელად შოთა დავლაშელიძეს დაუგორა, ამ უკანასკნელის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი ცხინვალელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. ანგარიში თამაშის 76-ე წუთზე გათანაბრდა, გიორგი ვასაძის გადაცემის შემდეგ, პაატა ღუდუშაურმა საჯარიმოს მისადგომებთან ცრუმოძრაობით რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა, ზუსტად გაისროლა და ბურთი ცხინვალელთა კარის ბადეში გაეხვა - 1:1. დარჩენილ დროში ვიტ ჯორჯიელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.

ვიტ ჯორჯია 1:1 ცხინვალი
გოლები: 0:1 ნემსაძე (48’) 1:1 ღუდუშაური (76’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ღუდუშაური, მუზაშვილი (ზარიძე 69’), კიკნაველიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი (ვეკუა 57’), ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
ცხინვალი: მამადოვი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე, მაღალდაძე, მაისურაძე, მეტრეველი (ბარაბაძე 72’), შალამბერიძე (კოკაია 90+4’), თათხაშვილი, ქრისტესიაშვილი, ნემსაძე (წივწივაძე 80’), გადრანი
 
გაფრთხილება: ზარიძე - ყურშავიშვილი, მამადოვი


 
უკან დაბრუნება