რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯიელთა ომახიანი სტარტი

06 მარტი 2018
რეგიონული ლიგის 2018 წლის გათამაშება ვეტერინარებმა ომახიანად დაიწყეს. მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მესხეთს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 9:0 დაამარცხა.  მრავლად იყო სახიფათო მომენტები, კარში დარტყმები... ანგარიშიდანაც სჩანს, რომ მოედანზე სიტუაციის ბატონ-პატრონები ვიტ ჯორჯიელები იყვნენ, ამიტომ მხოლოდ გატანილ გოლებზე ვთქვათ ორიოდ სიტყვით.
 
ანგარიში თამაშის მეოცე წუთზე გაიხსნა, გოლი საკუთარ აქტივში გიორგი ვაზაგაშვილმა მიითვალა, რომელმაც შორეული დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი - 1:0. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა დაპირისპირების 31-ე წუთზე ორამდე გაზარდეს, ირაკლი ზარიძის გადაცემის შემდეგ გოლი ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა - 2:0. ვეტერინართა თავდამსხმელმა, გიორგი გვასალიამ, მატჩის 38-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შესანიშნავი რეიდი განახორციელა, დამასრულებელ ფაზაში გამჭოლი გადაცემა მეკარის ბაქანთან ახლოს მყოფ ლაშა ნიკოლეიშვილის მისამართით გააკეთა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 3:0. პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ჩვენმა მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ აიღეს მოწინააღმდეგის კარი, ამჯერად გატანილი გოლით თავი გიორგი შეროზიამ გამოიჩინა, მას ასისტენტობა ცოტნე მოსიაშვილმა გაუწია - 4:0.
 
ანგარიშში სხვაობა შეცვლაზე შემოსულმა ზურაბ მუსელიანმა შეხვედრის 60-ე წუთზე ოთხამდე გაზარდა, რომელმაც მოწინააღმდეგის კართან ახლოს კარგად დაამუშავა ბურთი და ზუსტად დაარტყა - 5:0. მორიგი გოლი დაპირისპირების 82-ე წუთზე გავიდა, ამჯერად მეტოქის კარში გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ ბურთი ლაშა ნიკოლეიშვილმა გაიტანა 6:0. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ზურაბ მუსელიანმა მორიგი გოლი მიითვალა საკუთარ აქტივში, ასისტენტის როლში ამჯერადაც გიორგი გვასალია მოგვევლინა - 7:0. დაპირისპირების 88-ე წუთზე მესხეთის კარის მიმართულებით გიორგი ვაზაგაშვილმა დაარტყა, ბურთი სტუმართა გუნდის მცველს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში გაეხვა - 8:0. საფინალო ანგარიში შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დაფიქსირდა, ზურაბ მუსელიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ზუსტად დაარტყა და ჰეთთრიქი შეასრულა - 9:0.
 
ვიტ ჯორჯია II 9:0 მესხეთი
გოლები: 1:0 ვაზაგაშვილი (20’), 2:0 მოსიაშვილი (31’), 3:0 ნიკოლეიშვილი (38’) 4:0 შეროზია (40’) 5:0 მუსელიანი (60’) 6:0 ნიკოლეიშვილი (82’) 7:0 მუსელიანი (83’) 8:0 ვაზაგაშვილი (88’) 9:0 მუსელიანი (90’)

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე (ამაშუკელი 46’), ქისიევი, შეროზია, ნიკოლეიშვილი, ვაზაგაშვილი, თაგვაშვილი (ნაჭყებია 65’), მოსიაშვილი (მუსელიანი 46’), ზარიძე, გვასალია

მესხეთი: მაისურაძე, ანიგბო, ჩაჩიბაია, მანუკიანი, ჯოჯიშვილი, ნოზაძე, გორელიშვილი, ბარამიძე, სარალიძე, ჭრელაშვილი, იგითხანიანი
 
უკან დაბრუნება