დინამო ბათუმი Vs. ვიტ ჯორჯია [პრევიუ]

09 მარტი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ, რიგით მეორე ტურის შეხვედრას 10 მარტს სტუმრად გამართავს. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ვეტერინარები დინამო ბათუმს დაუპირისპირდებიან.
 
ჩემპიონატის სტარტი

ვიტ ჯორჯია - ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშება საშინაო შეხვედრით დაიწყო. ვეტერინარებმა საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლეს. დაპირისპირება საყაიმო შედეგით - 1:1 დასრულდა. სტუმართა რიგებიდან გატანილი გოლით ანდრო ნემსაძე გამოირჩა, ჩვენი გუნდიდან შედეგიანი დარტყმის ავტორად პაატა ღუდუშაური მოგვევლინა.

მოწინააღმდეგე - ბათუმის დინამომ პირველი მატჩი სტუმრად, თელავში გამართა. ზღვისპირელები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში - 0:1 დამარცხდნენ. შეხვედრის 51-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა. დინამოელთა მცდელობის მიუხედავად თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
 

მომავალი მეტოქე

ვიტ ჯორჯია - დინამო ბათუმის ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1999 წლიდან იღებს. დღემდე გამართული 36 ოფიციალური მატჩიდან ჩვენმა გუნდმა 19-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. საყაიმო რეზულტატი დაფიქსირდა 13 შემთხვევაში. ბათუმელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ - 49:26 გახლავთ. უკანასკნელად ვიტ ჯორჯიელთა და დინამოელთა გზები 2015 წელს, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე გადაიკვეთა. ორ რაუნდიან დაპირისპირებაში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. 2015 წლის 16 სექტემბერს ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკზე მეტოქეს 3:2 სძლია. გოლები კახა კახაბრიშვილმა, ივანე ხაბელაშვილმა და ერეკლე ლებანიძემ გაიტანეს. საპასუხო დაპირისპირება ამავე წლის 27 ოქტომბერს შედგა. ქობულეთში, ჩელე არენაზე, ვიტ ჯორჯიამ კახა კახაბრიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით ბათუმის დინამო 1:0 დაამარცხა.
 

10 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში
10 მარტს ვიტ ჯორჯიას ექვსი ოფიციალური თამაში აქვს გამართული. ჩვენი გუნდმა აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ხუთ შემთხვევაში კი გამარჯვება სწორედ ვეტერინარებს ხვდათ წილად.
 
2001 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:0 თსუ
2002 წელი უმაღლესი ლიგა კოლხეთი 3:0 ვიტ ჯორჯია
2007 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 5:1 კახეთი
2009 წელი უმაღლესი ლიგა ბორჯომი 0:3 ვიტ ჯორჯია
2010 წელი უმაღლესი ლიგა გაგრა 0:1 ვიტ ჯორჯია
2016 წელი პირველი ლიგა ბეთლემი 0:1 ვიტ ჯორჯია
 

მსაჯები
10 მარტს ვიტ ჯორჯიასა და დინამო ბათუმს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ს. სპიცინი და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს თ. ნაკაიძე შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ უკანასკნელად 2017 წლის 19 მაისს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის მეცამეტე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

დინამო ბათუმის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ უკანასკნელად გასული წლის 3 დეკემბერს იმსაჯა. ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრის ძირითად დროში დინამო ბათუმმა 3:2 დაამარცხა ბოლნისის სიონი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 10 მარტს 13:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა აჭარის ტელევიზიის მეშვეობით შეგეძლებათ.
უკან დაბრუნება