დინამო ბათუმი 0:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

10 მარტი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეორე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ბურთი ვიტ ჯორჯიელებმა შეიყვანეს და პირველივე წუთზე მეტოქის კარისკენაც დაარტყეს. ნოდარ კიკნაველიძის მიერ საშუალო დისტანციიდან გასროლილ ბურთს მასპინძელთა კიპერი, მიხეილ ალავიძე დაეუფლა. თამაშის მეათე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მცველი ჩამოიცილა, საჯარიმოში შევიდა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს კვლავ მეკარე დაეუფლა. მატჩის მეოცე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა პრესინგმა შედეგი გამოიღო, ვეტერინარებმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მოიპოვეს, დამასრულებელ ფაზაში კარში ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, ბურთი დინამოელთა მეკარემ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ბათუმელთა კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. მატჩის 27-ე წუთზე მასპინძელთა იერიში კარში დარტყმით დასრულდა, ლაშა ჩალაძის მიერ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ბესიკ დეკანოიძემ წაარტყა და კარისკენ გაგზავნა, ჩვენი გუნდის კიპერმა, ჯონი შეროზიამ, დროულად მოახდინა რეაგირება, საბოლოოდ ვიტ ჯორჯიელებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში 72-ე წუთზე გაიხსნა. ვიტ ჯორჯიელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს, ნოდარ კიკნაველიძემ გრძელი გადაცემით წინ პაატა ღუდუშაური შენიშნა, რომელმაც ერთი-ერთზე დუელი ლაშა ჩალაძეს მოუგო, საჯარიმოში შევიდა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, დაარტყა კიდეც, თუმცა მიხეილ ალავიძემ ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა შეტევა ამით არ დასრულებულა, შეტევაში ბურთით კვლავ პაატა ღუდუშაური დარჩა, რომელმაც გადაცემა ცოტნე მოსიაშვილის მისამართით გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი ვარდნაში დაარტყა და ბურთი დინამოელთა კარის ბადეში გაახვია - 1:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ორჯერ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით. პირველ შემთხვევაში გიორგი ქავთარაძემ გაისროლა და ბურთი კუთხურზე გადავიდა, სტანდარტიდან ჩამოწოდებულ ბურთს მიმართულებას გიორგი ილურიძე უცვლიდა, თუმცა ჯონი შეროზიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა, ბურთი ხელებში დააფიქსირა და მატჩიც დასრულდა.
 
 
დინამო ბათუმი 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი:
მოსიაშვილი (72’)
 
დინამო ბათუმი:
ალავიძე, ადამაძე, ქავთარაძე, ვარშანიძე, დეკანოიძე (ფლამარიონი 60'), შარიქაძე (ჭანკოტაძე 76'), ჯანელიძე, ილურიძე, ჩალაძე, ჭელიძე (გაგოშიძე 43'), კვარაცხელია
 
ვიტ ჯორჯია:
შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (მუზაშვილი 85'), ღუდუშაური (ზარიძე 74'), ვეკუა (მუხულიშვილი 71'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
გაფრთხილება:
ჯანელიძე, ვარშანიძე - ვასაძე, მუხულიშვილი
 
უკან დაბრუნება