რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯიელთა საგარეო გამარჯვება

12 მარტი 2018
რეგიონული ლიგის გ ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. ვეტერინარები გასვლით მატჩში ცხინვალის ლიახვს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

დაპირისპირების მეშვიდე წუთზე გიორგი შეროზიას გადაცემის შემდეგ ლიახვის კარის მიმართულებით გიორგი გვასალიამ დაარტყა, ბურთს მასპინძელთა კიპერი დაეუფლა. შეხვედრის 25-ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ნიკა ქავთარაძემ იხსნა, მან ვალერი დოლიძეს ერთ-ერთზე აუღო. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში თორნიკე მუზაშვილმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა ცხინვალელთა კარის მიმართულებით და ააცილა. თამაშის 30-ე წუთზე მასპინძელთა კარი ძელმა იხსნა, გიორგი გვასალიამ ახლო მანძილიდან კარის ჩარჩოს მოარტყა. დაპირისპირების 38-ე წუთზე ლიახვი კვლავ ძელმა იხსნა, ამჯერად ირაკლი ზარიძე ცდილობდა გოლის გატანას.

მეორე ტაიმის დებიუტში, 51-ე წუთზე, გათამაშებული კუთხურის შემდეგ, ჩვენი კარის მიმართულებით ცოტნე ჩხიკვაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ააცილა. თამაშის 60-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ პირისპირ გასულ ცოტნე ჩხიკვაძეს აჯობა და მის მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების 63-ე წუთზე მეტოქის კარის მისამართით ზურაბ მუსელიანმა დაარტყა და ააცილა, ორ წუთში შალვა ექვთიმიშვილმა გაისროლა შორიდან და სიზუსტემ მასაც უმტყუნა. მატჩის 68-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა პირდაპირ კარის მიმართულებით დაარტყა ჯარიმიდან, მასპინძელთა კიპერი ბურთს ადგილზე დახვდა. შეხვედრის 75-ე წუთზე ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა მიეცა გიორგი ვაზაგაშვილს, რომელმაც გიორგი შეროზიას ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა და სამიზნეს მცირედით ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა საწადელს 81-ე წუთზე მიაღწიეს, გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ ზურაბ მუსელიანმა ორი მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ზუსტად დაარტყა და გაიტანა კიდეც - 1:0. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
ლიახვი ცხინვალი 0:1 ვიტ ჯორჯია II
გოლი: მუსელიანი (81’)
 
ლიახვი: რევაზიშვილი, ტვიტინიძე, გაგნიძე, გვეტაძე, ლომიძე, ცარიელაშვილი, კვანტალიანი, ჭეჭელაშვილი, ქარელი, დოლიძე, ჩხიკვაძე (მღებრიშვილი 86’)
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, ჩაკვეტაძე, ნიკოლეიშვილი (ნაჭყებია 46’), ვაზაგაშვილი, ექვთიმიშვილი, შეროზია, მუზაშვილი (მუსელიანი 56’), ზარიძე, გვასალია (მოგელაძე 90+3’)

გაფრთხილება:ცარიელაშვილი, ჭეჭელაშვილი - შეროზია
უკან დაბრუნება