ვიტ ჯორჯია Vs. მერანი [პრევიუ]

15 მარტი 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ, რიგით მესამე ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს. 16 მარტს, მცხეთა პარკზე ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს უმასპინძლებს.

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - შინ ცხინვალთან ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ, ვეტერინარებმა გასლვით თამაშში ბათუმის დინამოს 1:0 სძლიეს. გამარჯვების გოლი პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა. ვიტ ჯორჯიელებს ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

მერანი  - მარტვილელებმა ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების საწყისი ორ ტურში მეტოქეებს საკუთარ არენაზე უმასპინძლეს. პირველ სათამაშო დღეს მერანი გაგრას დაუზავდა - 0:0, მეორე ტურში კი მერანმა მოკრძალებული ანგარიშით - 1:0 სძლია თელავს. ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი მომავალი მეტოქისათვის პირველი საგარეო მატჩი იქნება.
 

ურთიერთშეხვედრები

ვეტერინართა და მარტვილელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ვიტ ჯორჯიამ მომავალი მეტოქის წინააღმდეგ დღემდე 20 ოფიციალურ შეხვედრა ჩაატარა, აქედან ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე 8-ჯერ დაამარცხეს, საყაიმო რეზულტატი 5 თამაშში დაფიქსირდა, 7 შემთხვევაში კი სასურველ შედეგს მარტვილელებმა მიაღწიეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ - 20:18 გახლავთ. მასპინძლის რანგში ვიტ ჯორჯიამ მარტვილელთა წინააღმდეგ 10 თამაში ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დამარცხდა.
 

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებულ ორ შეხვედრაში ვეტერინარებმა 2 გოლი გაიტანს. მეტოქეთა კარში თითო გოლი პაატა ღუდუშაურმა და ცოტნე მოსიაშვილმა შეაგდეს.

მერანი -  ჩატარებულ ორ შეხვედრაში მარტვილელთა აქტივში ერთი გატანილი გოლია, რომელიც სერგეი ტრეტიაკის ანგარიშზეა.
 

16 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

16 მარტს ვიტ ჯორჯიას ხუთი ოფიციალური თამაში აქვს გამართული. ჩვენი გუნდმა აქედან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ოთხ შემთხვევაში კი გამარჯვება სწორედ ვეტერინარებს ხვდათ წილად.
 
2005 წელი უმაღლესი ლიგა ლოკომოტივი 1:0 ვიტ ჯორჯია
2008 წელი უმაღლესი ლიგა მეტალურგი 0:1 ვიტ ჯორჯია
2011 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:1 ტორპედო
2012 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 1:0 ცხინვალი
2014 წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 2:1 ცხინვალი
 

მსაჯები
 
ვიტ ჯორჯიასა და მარტვილის მერანს შორის გასამართ შეხვედრას ბაკურ ნინუა განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ახვლედიანი და ბ. ჟვანია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.
 
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ უკანასკნელად 2017 წლის 3 ნოემბერს იმსაჯა. ეროვნული ლიგა ორის ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონთან 1:2 დამარცხდა.

მარტვილის მერანის მონაწილეობით ბაკურ ნინუამ უკანასკნელად გასული წლის 25 ნოემბერს იმსაჯა. მარტვილელებმა ეროვნული ლიგა ორის ოცდამეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში ზუგდიდს უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
 
შეგახსენებთ, რომ მატჩი 16 მარტს 14:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეგეძლებათ.
უკან დაბრუნება