ვიტ ჯორჯია 1:0 მერანი მარტვილი [ფოტო+ვიდეო]

16 მარტი 2018
ეროვნული ლიგა ორის მესამე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე მარტვილის მერანს უმასპინძლეს. ვეტერინარებმა მეტოქე მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

დაპირისპირების საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეცამეტე წუთზე მარტვილის მერანის კარის სიახლოვეს სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, სტანდარტიდან კარისკენ ნოდარ კიკნაველიძემ დაარტყა, საბოლოოდ სტუმართა მეკარემ და მცველებმა ერთობლივი ძალებით ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, სტანდარტს კი ხიფათი აღარ მოჰყოლია. დაპირისპირების მეჩვიდმეტე წუთზე დათო საჯაიამ მარტვილელთა საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთთან პირველი შოთა დავლაშელიძე აღმოჩნდა, რომელმაც ვარდნაში დაარტყა კარის მიმართულებით და ააცილა. შეხვედრის 28-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ბენჯამინ ტეიდმა არაზუსტად დაარტყა.  მატჩის 40-ე წუთზე  პაატა ღუდუშაურმა შორი მანძილიდან სცადა სტუმართა კარის აღება, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ჩვენს საჯარიმოში კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ნიკა მგელაძემ დაარტყა და კარს საკმაო მანძილით ააცილა. პირველი ნახევრის უკანასკნელ წუთზე ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ მარტვილელთა კარისკენ ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა, ბურთს მეკარე დაეუფლა.

თამაშის 55-ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძის გადაცემის შემდეგ ჩვენი კარის მიმართულებით ვანო კურდღელაშვილმა არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 66-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ჩვენი კარის მისამართით, ამჯერად სერგეი ტრეტიაკის დარტყმულმა ვერ უწია სამიზნეს. დაპირისპირების 70-ე წუთზე სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა, დათო საჯაიას ჩაწოდებულ ბურთს მიმართულებას შოთა დავლაშელიძე უცვლიდა, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა. ანგარიში შეხვედრის 72-ე წუთზე გაიხსნა, ნოდარ კიკნაველიძემ მერანის საჯარიმოში კუთხურიდან ჩააწოდა, მაღალ ბურთზე ორთაბრძოლა გიორგი გეთიაშვილმა მოიგო, თავით დაარტყა და ბურთი კარის ბადეში გაახვია - 1:0. დარჩენილ დროში განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 მერანი
გოლი: გეთიაშვილი (77’)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (ჩაკვეტაძე 83'), ღუდუშაური, ვეკუა (ზარიძე 72'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე (ექვთიმიშვილი 87')
 
მერანი: კულუა, ციმაკურიძე (ცოტნე ფაცაცია 78'), ტეიდი, ხინთიბიძე, კურდღელაშვილი (მათიაშვილი 74'), მგელაძე, ტრეტიაკი, ლომაშვილი, პუჩკოვსკი (ლუკავა 65'), მელიავა, ვაჟა ფაცაცია
 
გაფრთხილება: შეროზია - ციმაკურიძე
 
უკან დაბრუნება